კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში („რეინჯერსთან“) კარში რვაჯერ დაარტყა, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია – ინფორმაციას Opta-ს ტელეგრამ-არხი ავრცელებს.

ხვიჩა ნეაპოლელების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. ქართველ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, მაგრამ სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თავსატეხი შოტლანდიურ კლუბს სწორედ კვარაცხელიასგან ექმნებოდა.

საფეხბურთო ანალიტიკური კომპანიის დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რვა დარტყმის გარდა, კვარაცხელია მატჩში საუკეთესო გახდა მეტოქის საჯარიმოში ბურთზე შეხებით და მოგებული ორთაბრძოლების (16-დან 10 მოგებული) რაოდენობით.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. მომდევნო ტურში იტალიური გუნდი ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდება. მატჩი 4 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართება.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.