კვარაცხელიამ „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა - „ნაპოლიმ“ გლაზგოში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „რეინჯერსის“ წინააღმდეგ შეხვედრაში – ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეორე ტურში შოტლანდიურ-იტალიურ დაპირისპირებას გლაზგოს „აიბროქსმა“ უმასპინძლა, რომელიც იტალიელებმა დამაჯერებლად მოიგეს – 0:3.
ქართველ თავადმსხმელს მჭიდროდ მეურვეობდნენ, ხშირად მის წინააღმდეგ ორი ფეხბურთელიც თამაშობდა და ხვიჩას პირველად თავის გამოჩენის შანსი 27-ე წუთზე მიეცა, მაგრამ მიზანს ააცილა. მალე ქართველს ჯოვანი სიმეონე ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა და არგენტინელ თავდამსხმელს მცველმა დაასწრო.
კვარაცხელიას გატანა 45-ე წუთზე შეეძლო, როდესაც საჯარიმოსთან მცველს გასცდა და ბურთი კარისკენ დაატრიალა, მაგრამ ამჯერადაც ოდნავ ააცილა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 49-ე წუთზე პირველი რეალური სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ შოტლანდიელთა მეკარემ საიმედო ითამაშა.
57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში „რეინჯერსის“ მცველმა ჯეიმს სანდსმა წააქცია და არბიტრმა მოედნიდან გააძევა, მაგრამ მეკარე ალან მაკგრეგორი საოცრება ჩაიდინა. პიორტ ზელინსკის პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ მატეო პოლიტინამომ დამატებაზე გაიტანა. ვიდეორეფერიმ კი განმეორებითი დარტყმა დანიშნა – მეკარე ხაზზე არ იდგა და მაკგრეგორიმ ზელინსკის დარტყმული ბურთი ისევ მოიგერია.
თუმცა, „რეინჯერსი“ მეკარემ ვეღარ გადაარჩინა 68-ე წუთზე, როდესაც კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ ბორნა ბარიშიჩმა ბურთზე საჯარიმოში ხელით ითამაშა და მასპინძელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა. ხვიჩა დასარტყმელად წავიდა, მაგრამ პენალტი საბოლოოდ პოლიტანომ შეასრულა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
74-ე წუთზე ხვიჩამ სისწრაფეში ორი მცველი ჩამოიტოვა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მცველმა შეაჩერა და რეალური საგოლე მომენტი უშედეგოდ დასრულდა. 82-ე წუთზე კვარაცხელიამ უკვე ერთი შეხებით სცადა გატანა და მიზანს ვერ მიაღწია, 90-ე წუთზე კი ხვიჩა შეცვალეს, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. კვარაცხელიამ წამოიწყო შეტევა, რომელიც ჯოვანი რასპადორიმ გოლით დაასრულა.
90+1-ე წუთზე მესამედ მასპინძლებს ტანგი ნდომბელემ გაუტანა. „ნაპოლიმ“ ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით – 0:3. ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ლივერპულმა“ „აიაქსი“ 2:1 დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით უდანაკარგოდ „ნაპოლი“ ლიდერობს.
G ჯგუფში „კოპენჰაგენმა“ „პარკენ არენაზე“ ესპანურ „სევილიას“ უმასპინძლა და 0:0 დაასრულა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დათა ხოჭოლავა დანიის ჩემპიონის სასტარტო თერთმეტეულში იყო. დანიელებმა ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა მოიპოვეს და მესამე ადგილზე არიან.