კრიშტიანო რონალდოს უხამსი ჟესტისთვის საუდის არაბეთიდან დეპორტაციით ემუქრებიან #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს უხამსი ჟესტისთვის საუდის არაბეთიდან დეპორტაციით ემუქრებიან #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოს საქმეები საუდის არაბეთში სულ უფრო უარესობისკენ მიდის. კარგი სტარტის შემდეგ, „ალ-ნასრში“ აქამდე სტაბილური სიტუაცია სრულიად აირია. რონალდოს კლუბმა ჯერ პირველი ადგილი დაკარგა საუდის არაბეთის ჩემპიონატში, რასაც მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას განთავისუფლება მოჰყვა. პრესის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტის გაშვების ინიციატორი თავად კრიშტიანო იყო.

გარსიას წასვლამ საქმეს ვერ უშველა და ბოლო ტურში „ალ-ნასრმა“ უშანსოდ წააგო „ალ-ჰილალთან“. გარდა იმისა, რომ რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში ვერ ჩაიწერა აქტივში შედეგიანი მოქმედება, ორჯერ უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვა. მეორე ტაიმში პორტუგალიელი რესტლინგის ილეთით გაუსწორდა მოწინააღმდეგეს: ორივე ხელით კისერში წვდა და მინდორზე დააგდო მეტოქე. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა რონალდოს.

მეორე ინციდენტი, რომელიც უკვე მატჩის შემდეგ მოხდა, შეიძლება უფრო ძვირად დაუჯდეს კრიშტიანოს. როცა ის მოედნიდან გადიოდა, „ალ-ჰილალის“ გულშემატკივრებმა დაიწყეს სკანდირება: „მესი, მესი…“ ამან წყობიდან გამოიყვანა პორტუგალიელი ვარსკვლავი – მან თავი ვერ შეიკავა და საზარდულზე მოიკიდა ხელი.

ევროპაში ასეთი საქციელისთვის რონალდოს, მაქსიმუმ, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა შეხვდებოდა, მაგრამ საუდის არაბეთში მსგავსი ჟესტების მიმართ უფრო სერიოზული დამოკიდებულება აქვთ. ადგილობრივმა ადვოკატმა, ნოუფ ბინ აჰმედმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აპირებს საუდის არაბეთის პროკურატურას მიმართოს კრიშტიანო რონალდოს დაპატიმრებისა და დეპორტაციის მოთხოვნით.

„მე სპორტს თვალს არ ვადევნებ. რომც მომხდარიყო კრიშტიანო რონალდოს პროვოცირება, მისი საქციელი დანაშაულია. საჯაროდ უხამსი ჟესტის დემონსტრირება დანაშაულად ითვლება და ის დაპატიმრებითა და დეპორტაციით ისჯება, თუ უცხოელის მიერ არის ჩადენილი. ჩვენ პეტიციას შევიტანთ პროკურატურაში ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იურისტმა.

რეალურად ელოდება თუ არა მსგავსი სასჯელი რონალდოს? სავარაუდოდ, არა. არაბები აშკარა გამონაკლისებს უშვებენ მსოფლიო ვარსკვლავებისთვის. მაგალითად, ადგილობრივი კანონების თანახმად, კრიშტიანოს არ აქვს ერთ ჭერქვეშ ჯორჯინა როდრიგესთან ცხოვრების უფლება, რადგან ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. მაგრამ, რეალურად, რონალდოსა და მის შეყვარებულს ხელს არავინ უშლის.

ასე რომ, ამ სიტუაციიდან რონალდო ბოდიშის მოხდით ან ფორმალური ფულადი ჯარიმით დაიძვრენს თავს.