კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო გოლების რაოდენობით პენალტების გარეშე #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ მესის გაუსწრო გოლების რაოდენობით პენალტების გარეშე #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის გაუსწრო კარიერაში გოლების რაოდენობით, რომელშიც არ არის გათვალისწინებული პენალტებით გატანილი გოლები.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ალ-ნასრმა“ შინ 2:1 მოუგო „ალ-ფათეჰს“. კრიშტიანომ ამ მატჩში ანგარიში გახსნა და ახლა, მას პენალტების გაუთვალისწინებლად კარიერაში 714 გოლი დაუგროვდა. ლიონელ მესის 713 გოლი აქვს.

პენალტების ჩათვლით რონალდომ 1206 მატჩში 875 გოლი დააგროვა, მესიმ 1047 მატჩში – 821 გოლი.

კრიშტიანომ გაზარდა თავისი შედეგიანი სერია – პორტუგალიელი ზედიზედ შვიდი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ამ სერიისას მან რვა გოლი გაიტანა. ახლა, რონალდოს საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში 19 მატჩში 21 გოლი და ცხრა შედეგიანი პასი აქვს. ის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მეორე ადგილზე 17 გოლით „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ალექსანდრ მიტროვიჩია.

39 წლის კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრის“ რიგებში 52 ოფიციალურ მატჩში 46 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა აქვს.