„კრასნოდარმა“ და „აპოელმა“ შინ წაგებული მატჩები სტუმრად სათავისოდ შეატრიალეს
„კრასნოდარმა“ და „აპოელმა“ შინ წაგებული მატჩები სტუმრად სათავისოდ შეატრიალეს

გუშინ, 13 აგვისტოს, გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები, რომლებშიც რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ყველაზე სენსაციური მათ შორის პორტუსა და ბაქოში გამართული მატჩები გამოდგა.

პორტუგალიის ჩემპიონმა, ერთი კვირის წინ, რუსეთის „კრასნოდარი“ სტუმრად 0-1 დაამარცხა და გულშემატკივრების ვარაუდით, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა. თუმცა, სტუმართა გუნდს სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

მატჩი პორტუგალიაში ნახევარი საათის დაწყებული იყო, როდესაც „კრასნოდარი“ უკვე 0-3 იგებდა.

მე-3 წუთზე ვილიენამ ანგარიში გახსნა, მე-13 და 34-ეზე კი სულეიმანოვმა კიდევ ორი დაუმატა.

მეორე ტაიმში „პორტუმ“ თამაშში დაბრუნება შეძლო და 76-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 2-3 იყო, თუმცა კიდევ ერთი, გადამწყვეტი გოლის გატანა მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „კრასნოდარი“ ითამაშებს.

რუსები ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება აზერბაიჯანული „ყარაბახისა“ და კვიპროსული „აპოელის“ დაპირისპირებას, პირველი მატჩი კვიპროსში სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, თუმცა ბაქოში „აპოელმა“ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და 0-2 გაიმარჯვა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ყარაბახს“ გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ამსტერდამის „აიაქსს“ „აპოელი“ შეხვდება.

აზერბაიჯანელებს რაც შეეხებათ, მათ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ: პლეიოფში ისინი ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდს“ შეხვდებიან.