კონტრაქტის დეტალები და „ორლანდო მეჯიქი“ - ბითაძის ახალი გუნდი და გამოწვევა #1TVSPORT
კონტრაქტის დეტალები და „ორლანდო მეჯიქი“ - ბითაძის ახალი გუნდი და გამოწვევა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსიდან“ წასვლის შემდეგ, უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა. „ორლანდო მეჯიქმა“ მოჰამედ ბამბას გუნდიდან გაშვების შემდეგ, ცენტრის ადგილი სწორედ ქართველი კალათბურთელით შეავსო. გოგას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაამტკიცოს, რომ NBA-ში ადგილს იმსახურებს და ეს არც ისე მარტივი იქნება.

კონტრაქტის დეტალები

ცოტა ხნის წინ „ორლანდო მეჯიქმა“ გუნდის ერთ-ერთი ცენტრი, მოჰამედ ბამბა პატრიკ ბევერლიში გაცვალა. „ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი ხელმძღვანელობამ ტერენს როსთან ერთად მალევე გუნდიდან გაუშვა და გოგასთვის განაცხადში ადგილი გათავისუფლდა.

მიუხედავად იმისა, რომ „მეჯიქის“ პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ გამხდარა, HoopsHype-ის მაიკლ სკოტო იუწყება, რომ ბითაძემ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ დარჩება თუ არა გოგა „ორლანდოში“ მეორე წელს, ეს კლუბის მენეჯმენტზე იქნება დამოკიდებული.

ოთხი ცენტრი „ორლანდოში“

მოჰამედ ბამბა „მეჯიქში“ მეოთხე ცენტრად ითვლებოდა. სასტარტო შემადგენლობის წევრად 23 წლის ვენდელ კარტერ ჯუნიორი მოიაზრება, რომელიც ამ სეზონში კარგად გამოიყურება და საშუალოდ 15.1 ქულას, 8.6 მოხსნას და 2.6 პასს 30.1 წუთში აგროვებს. მეორე და მესამე ცენტრები მორიც ვაგნერი (11.6 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.7 პასი, 21.3 წუთი) და ბოლ ბოლი (10.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 0.8 პასი, 23.5 წუთი) არიან, რომლებსაც პარკეტზე ყოფნა უმეტეს შემთხვევაში ერთად უწევთ. თუ გადავხედავთ „ორლანდოს“ თამაშებს, გუნდი ამ ხერხს ხშირად მიმართავს და მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბამბას შემცვლელად მივიდა, რომელიც გუნდში მეოთხე ოფცია იყო, დიდია ალბათობა, რომ ტაქტიკისა და სხვა კალათბურთელების სათამაშო დროებიდან გამომდინარე, ქართველ კალათბურთელს შანსი ხშირად მიეცეს.

მთავარი მწვრთნელი

„ორლანდო მეჯიქის“ მთავარი მწვრთნელი 44 წლის ჯამალ მოსლია, რომლისთვისაც მთავარი მწვრთნელის რანგში ეს პირველი კლუბია. ამერიკელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს „დენვერ ნაგეტსში“ დაიწყო, სადაც მოთამაშეების განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2007 წელს ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე დააწინაურეს. მოსლი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო ასევე „კლივლენდ კავალიერსსა“ (2010-2014) და „დალას მავერიკსში“ (2014-2021), ფლორიდულ გუნდში კი, მთავარ მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა.

პაოლო ბანკერო

გუნდში მთავარ მოთამაშედ პაოლო ბანკერო ითვლება, რომელიც ორგანიზაციამ გასული წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. სადებიუტო სეზონშივე ის თავის გუნდს ლიდერობს და 20 ქულას, 6.8 მოხსნასა და 3.6 პასს საშუალოდ 33.8 წუთში აგროვებს.

„ორლანდო“ ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია – ზაზა ფაჩულია 2003 წელს დრაფტზე 42-ე ნომრად სწორედ ამ გუნდმა აიყვანა, სადაც 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. შესაბამისად, გოგა ბითაძე მეორე ქართველი იქნება ისტორიაში, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს. ცნობილი გახდა, რომ 23 წლის კალათბურთელი ახალ გუნდში 35-ნომრიან ფორმას მოირგებს.

„მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 მოგებითა და 34 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 15 თებერვალს „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს და შესაძლოა, ქართველი კალათბურთელის დებიუტი კანადური კლუბის წინააღმდეგ ვიხილოთ.