კონმებოლ-მა ფიფა-ს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვის 64-მდე გაზრდა სთხოვა #1TVSPORT
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად გახდება პირველი ტურნირი ისტორიაში, რომელიც სამ კონტინენტზე ჩაივლის, მაგრამ ამით სიახლეები, შეიძლება, არ დასრულდეს.
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (კონმებოლ-ი) სთხოვა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა), ტურნირის მონაწილეთა რიცხვი 64-მდე გაზარდოს.
„ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ ფიფა-ს ტურნირის გაფართოება. ეს საშუალებას მისცემდა არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის ჯგუფური ეტაპის თითო ჯგუფისთვის ემასპინძლათ.
გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა ჩემპიონატის 100-წლიანი იუბილესთვის. გაცილებით მეტი ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას ამ ზეიმში“, – განაცხადა კონმებოლ-ის პრეზიდენტმა, ალეხანდრო დომინგესმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე არგენტინამ, ურუგვაიმ და პარაგვაიმ უნდა უმასპინძლონ სამ სასტარტო შეხვედრას, ხოლო ტურნირის დანარჩენი ნაწილი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.