კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ვოლოდიმირ ზელენსკის ერმაკთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის, უკრაინის საგარეო უწყებას კი, თავშეკავებისკენ მოუწოდებს
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ვოლოდიმირ ზელენსკის ერმაკთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის, უკრაინის საგარეო უწყებას კი, თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, თავშეკავებისკენ მოუწოდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკელმა კონგრესმენმა ამის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სახიფათო ომს აწარმოებს მზაკვარი მტრის წინააღმდეგ. ის დიდ დროს ხარჯავს საერთაშორისო მხარდაჭერის შესაქმნელად თავისი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ მას აქვს მუდმივი შიდა პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრას – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი“, – აცხადებს სპარცი.

ამასთან, კონგრესმენმა ჩამოთვალა რამდენიმე სერიოზული ბრალდება ერმაკის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ბელარუსში და საბოლოოდ რუსეთში უკრაინის მიერ „ვაგნერის დაჯგუფების“ ხელში ჩაგდების ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, რამაც მისი მარცხი გამოიწვია; ომამდე რუსეთთან წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ცუდი მართვა; უკრაინის ხელმძღვანელობის დარწმუნება, რომ თებერვალში არ იქნება რუსული თავდასხმა, დასავლური დაზვერვის საწინააღმდეგოდ, რათა ხელი შეეშალა უკრაინისთვის სათანადოდ მომზადებულიყო ომისთვის; ხერსონის დივერსია და მისი გადაცემა რუსებისთვის „აზოვის“ ბატალიონის ტრაგედიის მოსაწყობად და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით სამხედრო ტექნიკის გადაუდებელი შესყიდვების შეფერხება და არაგონივრული ან თუნდაც, უკანონო პირობების წამოყენება.

სპარცმა ასევე განაცხადა, რომ მიიღო მხარდაჭერა ამერიკელებისა და უკრაინელებისგან და ესმის, რატომ გააოცა მისმა კომენტარებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მოვუწოდებ სამინისტროს, განიხილოს ჩემი განცხადება იმ სერიოზულობით, როგორსაც მოითხოვს ბატონ ერმაკთან დაკავშირებული საკითხები, ad hominem თავდასხმების განხორციელების ნაცვლად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. უკრაინელები და ამერიკელები უკეთ იქნებიან, თუ ჩვენი მთავრობები სათანადო გულმოდგინებით უპასუხებენ და არა თავდაცვითი ბანალურობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის სხვადასხვა სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს ეჭვი ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე. კონგრესმენის თქმით, კონგრესს სასწრაფოდ სჭირდება ინფორმაცია ერმაკის შესახებ, რომ გავრცელებული ბრალდებები დაადასტუროს ან უარყოს.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო უწყებამ კონგრესმენ ვიქტორია სპარცს მოუწოდა, „შეწყვიტოს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა უსაფუძვლო სპეკულაციებით უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „განსაკუთრებით ცინიკურია მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ უკრაინული წარმოშობის კონგრესმენების მხრიდან“, – აღნიშნავს ნიკოლენკო. მისი თქმით, უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების მადლიერია ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ფონზე სპარცის სიტყვები და ქმედებები „განსაკუთრებით კონტრასტულია“.