კონფერენს ლიგის მატჩის წინ „გენტის“ მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ილაპარაკა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მატჩის წინ „გენტის“ მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ილაპარაკა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰეზებრუკმა კონფერენს ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ „რფს რიგასთან“ მატჩამდე ილაპარაკა.

ჰაინ ვანჰეზებრუკმა კომენტარი „გენტის“ ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ გააკეთა და სიხარული არ დამალა, რომ უკრაინელი რომან ბეზუსი და გიორგი ჩაკვეტაძე საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობენ.

„მიხარია, რომ ბეზუსმა და ჩაკვეტაძემ ოთხშაბათს დილით „გენტში“ ივარჯიშეს. კარგად უნდა გესმოდეთ, ისინი ოპტიმალური ფორმისგან რამდენად შორს არიან. რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ მათ კვლავ შეუძლიათ საერთო ჯგუფში ივარჯიშონ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ ორი ფეხბურთელის მდგომარეობას და ვიფიქრებთ, მათი გამოყენება როგორ და როდის იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ჰაინ ვანჰეზებრუკმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ „სენტ ტრუიდენთან“ ამხანაგურ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. ამიტომ გამოტოვა კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „ვოლერენგასთან“ ორივე მატჩი და ბელგიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა. ნორვეგიაში გუნდმა ხელოვნურ საფარზე ითამაშა, ჩაკვეტაძეს კი ასეთ საფარზე თამაშს ექიმები არ ურჩევენ.

გენტი“ ხუთშაბათს, 5 აგვისტოს ლატვიურ „რფს რიგასს“ „გელამკო არენაზე“ მიიღებს. განმეორებითი მატჩი 12 აგვისტოს რიგაში გაიმართება.