კომპანია „ფერის“ დირექტორი - ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა
კომპანია „ფერის“ დირექტორი - ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა

ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ მინისტრები, გუბერნატორი, გამგებლები და კომპანია.

„ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ეს ყველაზე ნაკლებად პანკისის ხეობის მოსახლეობაზე შეიძლება ითქვას. დაახლოებით ერთი წლის წინ, კიდევ უფრო ადრე, როდესაც ჩვენ ყველა კანონის დაცვით დავიწყეთ მშენებლობა, გამოითქვა მოსახლეობის ძალიან დიდი პროტესტი. ამ 13 თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვისმენდით მათ პრობლემებს, ვუხსნიდით, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო ჰიდროელექტროსადგური, რაც კი შეიძლება სადმე აშენდეს. მათ გამოყვეს 30-კაციანი ჯგუფი, რომელთანაც გავიარეთ საკითხი და მათი დიდი უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს მათთვის მისაღებია. იქ იყო კიდევ არაერთი პირობა გაცემული, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ უკავშირდებოდა და გვინდოდა, რომ თითოეულ მაცხოვრებელზე გავრცელებულიყო ის სიკეთე. გარდა იმისა, რომ ჩვენ გადასახადებს გადავიხდიდით და დავასაქმებდით მოსახლეობის დიდ რაოდენობას.

საბოლოო ჯამში, ჩავთვალეთ, რომ საერთოდ აღარ დავტოვეთ კითხვა, რომელიც დაისმებოდა რამე ზიანის მომტანი იყო თუ არა ეს მშენებლობა ხეობისთვის. დღესაც ვუთხარით, რომ თუ ერთი ადამიანი მაინც არის დარჩენილი, რომელიც თვლის, რომ რაღაც საფრთხეს უქმნის, გვითხარით და აუცილებლად გავითვალისწინებთ.

ფაქტი აჩვენებს, რომ მოსახლეობის რაღაც რაოდენობა წინააღმდეგია და საკმაოდ აგრესიულად არის. მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ მინისტრები, გამგებლები, გუბერნატორი, პირადად კომპანიაც, არაერთი შეხვედრები იმართებოდა. პირობები გამოკრული გვქონდა სალოცავებსა და ეზოებში. ყველა საქმის კურსში იყო“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.