კოლუმბიაში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა და ათი დაშავდა
კოლუმბიაში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა და ათი დაშავდა

კოლუმბიის ქალაქ სანტანდერ დე კილიჩაოში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, კიდევ 10 სამართალდამცველი დაშავდა. ინციდენტი კოლუმბიაში საპროტესტო აქციების განახლების შემდეგ მოხდა.

ქვეყანაში სულ უფრო გახშირდა მაღაზიების ძარცვის შემთხვევები. ქვეყნის პრეზიდენტ ივან დუქეს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები 21 ნოემბერს დაიწყო. აქციის პირველივე დღეს სამი ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მთავრობა არ ატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, არ ებრძვის კორუფციას და არ იძიებს უფლებადამცველების მკვლელობის ფაქტებს.

ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში საღამოს 9 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პოლიციამ 98 ადამიანი დააკავა. დაპირისპირების შედეგად საპროტესტო აქციის 122 მონაწილე და 151 პოლიციელი დაშავდნენ. უსაფრთხოების ძალების არასათანადო ქმედებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლებამ 11 საქმეზე დაიწყო გამოძიება.