„კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჯაში გუნდის მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივართა შეხვედრას გამოეხმაურა
ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პრეტენზიებს გუნდის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჯაში გამოეხმაურა. დღეს სტადიონზე შეკრებილებმა მისი, ასევე სპონსორის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს და გუნდში შექმნილი კრიზისის მიზეზად სწორედ მათი არასათანადო მუშაობა მიიჩნიეს. თავად ჯაში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს, კლუბში პრობლების არსებობას ადასტურებს და ამბობს, რომ მათ მოგვარებას დრო სჭირდება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი გადაყენების მოთხოვნა გააჟღერეს, შევხვდები უახლოეს მომავალში, მოვისმენ მათ პრეტენზიებს და მზად ვარ ყველას პასუხი გავცე. გუნდში პრობლემები წინა წლებიდან არსებობს, რომელიც მოგვყვება, ძალიან დიდი დავალიანებაა და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ეს გახლავთ უდიდესი კლუბი და საქმე შრომატევადია. არის გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ჩემი აქ ყოფნა არ აწყობთ და ამ მიმართულებით მუშაობენ. რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის პრეტენზიებს, მას გამოვუცხადე სრული მხარდაჭერა, მიეცა ყველა საშუალება, რომ კარგად ემუშავა. ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. მე ვიყავი სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე და ამიტომ დღეს გამართულ შეხვედრას ვერ დავესწარი. შეხვედრები გავმართე გუნდის დაფინანსებასთან დაკავშირებით. არის გაუგებრობები. გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას აჭარბებენ და ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯაშმა.
ფეხბურთელები და გულშემატკივრები ხელისუფლებას მათ მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის ზომებით იმუქრებიან.