„კოლხეთი 1913“-ის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები სპონსორის და გუნდის ხელმძღვანელის წასვლას ითხოვენ
ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები დღეს სტადიონზე შეიკრიბნენ. მათ გუნდის ხელმძღვანელის, ასევე სპონსორის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს და ხელისუფლებას არსებული პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, გუნდის ხელმძღვანელობა დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს და შექმნილი კრიზისის უმთავრესი მიზეზი სწორედ ესაა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვითარებაში გასარკვევად დრო ითხოვეს. თავად გუნდის ხელმძღვანელი შეხვედრაზე არ გამოჩენილა.
„შევხდით გუნდის წარმომადგენლებსა და ქომაგებს. მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში დავგეგმავთ შეხვედრას გუნდის დირექტორთანაც. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი სპონსორობისა, შევაჯერებთ ამ პოზიციებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
ფეხბურთელები და გულშემატკივრები ხელისუფლებას მათ მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის ზომებით იმუქრებიან. გუნდის ხელმძღვანელთან და სპონსორთან დაკავშირება ჯერჯერობით არ ხერხდება.