კოხრეიძე „გრენობლთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს - „საბურთალოს“ დირექტორმა ტარნსფერი დაადასტურა #1TVSPORT
კოხრეიძე „გრენობლთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს - „საბურთალოს“ დირექტორმა ტარნსფერი დაადასტურა #1TVSPORT

„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ საქართველოს პირველ არხთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში, ლიგა 2-ის „გრენობლში“ განაგრძობს.

„ეს ამბავი გადაწყვეტილია. გუნდმა ოფციალური შემოთავაზება მიიღო და ჩვენ გიორგის ხელს არ შევუშლით, რადგან მას „საბურთალოს“ წინაშე დიდი დამსახურებები აქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

კახა კაშიამ ტრანსფერის დეტალებზეც გველაპარაკა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფაქტში ნდობაა – გიორგი ახლა მომჯობინდა და ვარჯიშს მალე დაიწყებს, ფრანგებს კი იმედი აქვთ, რომ კოხრეიძე მათ წინსვლაში დაეხმარებათ. ფრანგებმა გიორგისთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში „საბურთალომ“ საქართველოში სამივე ტიტული მოიპოვა – ქვეყნის ჩემპიონობა, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი. ყველა ამ ტიტულის მოგებაში გიორგი კოხრეიძემ თავისი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელით ფრანგული კლუბი ჯერ კიდევ 2019 წელს დაინტერესდა. საინტერესო დეტალია – კოხრეიძის ტრანსფერზე ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებას „საბურთალოს“ ყოფილი სპორტული მენეჯერი, ლევან სეთურიძე აწარმოებდა, რომლის ჩართულობითაც შარშან „ლევანტეში“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გადავიდა, ხოლო წელს „ვალენსიაში“ – მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

„საბურთალოს“ აღზრდილი თავდამსხმელი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. მონაწილეობდა 2017 წელს საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

გრენობლი“ ამბიციური და ტრადიციული კლუბია, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებას ცდილობს. დასრულებულ სეზონში გუნდი პლეი ოფში „ტულუზასთან“ 0:3 დამარცხდა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. 2018–2019 წლებში „გრენობლში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური თამაშობდა.