კობოური ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა - ქართველმა ფეხბურთელმა ჩეხურ კლუბში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
კობოური ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა - ქართველმა ფეხბურთელმა ჩეხურ კლუბში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

დავით კობოურმა ჩეხეთის ჩემპიონატის „კარვინაში“ გადასვლაზე კომენტარი კლუბის პრესსამსახურთან გააკეთა.

„ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩემი პირველი გასვლა იქნება. ცენტრალური მცველის გარდა, ხანდახან დაცვის მარცხენა მხარეს ვთამაშობ. ბედნიერი ვარ, რომ აქაურ კლუბში გადმოვედი. „კარვინაში“ მოსვლამდე მწვრთნელ ბოგომილ პანიკს ვესაუბრე და ამანაც გავლენა მოახდინა“, – განაცხადა დავით კობოურმა.

24 წლის ფეხბურთელი თამაშობდა „დინამო თბილისში“, რომლის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა 2015 წლის 28 ნოემბერს ლანჩხუთში „გურიასთან“ შედგა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. 2015/16 წლების სეზონის ბოლოს გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევა 2019 წლის სეზონში გაიმეორა, როდესაც გუნდის ფორმით 23 მატჩი ჩაატარა. კობოურს „დინამოს“ კაპიტნის სამკლაურიც უტარებია.

სანაკრებო კარიერა

2017 წელს საქართველოს 19-წლამდელთა კაპიტნის რანგში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ითამაშა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა.

2020 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარ ნაკრებში ვლადიმირ ვაისისგან მიიღო პირველი გამოძახება ერთა ლიგის მატჩებზე ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მაგრამ მოედანზე არ გასულა. მან ჩეხურ კლუბში 23-ნომრიანი მაისური აირჩია.

კობოურმა ახალ გუნდში სადებიურო მატჩიც ჩაატარა – „კარვინა“ „ტიპსპორტ ლიგაზე“ „პარდუბიცე“ 2;1 დაამარცხა, ქართველი მცველი კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და დაცვის ცენტრში ითამაშა. „ტიპსპორტ ლიგა“ ყოველწლიური ზამთრის საფეხბურთო ტურნირია ჩეხეთში, სადაც ზოგჯერ მეზობელი ქვეყნების კლუბებსაც იწვევენ.

კობოური თამაშის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა ბოგომილ პანიკმა შეაქო.

„კმაყოფილი ვიყავი, რომ საკუთარ კარში გოლი გავუშვით და მატჩის შემობრუნება შევძელით. კობოური ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა“.