კობი ბრაიანტი „ლეიკერსის“ ფანებს სთხოვს, გუნდში ტრავმიან პერიოდს გაგებით მოეკიდონ
კობი ბრაიანტი „ლეიკერსის“ ფანებს სთხოვს, გუნდში ტრავმიან პერიოდს გაგებით მოეკიდონ

„ლოს-ანჯელეს ლეიკერს“ ამჟამად რთული პერიოდი უდგას. კალიფორნიული გუნდის რამდენიმე წამყვან მოთამაშეს (რონდო, კუზმა, მაკგი) ტრავმები აქვთ და, რაც მთავარია, დაშავებულია გუნდის უდავო ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც საზარდული დაუშავდა და ამ დრომდე რეაბილიტაციას გადის.

ჯეიმსის გარეშე ლეიკერსმა ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო და ამით ზოგიერთი ფანის იმედგაცრუებაც გამოიწვია. დაიწყო საუბრები მთავარი მწვრთნელის, ლუკ ვოლტონის გაშვების შესახებ. წაგებებით გახარებული არც „შავი მამბაა“, თუმცა ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა, „მინესოტასთან“ დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვოლტონის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გუნდის ძირითადი ბირთვი დაშავებულია და გულშემატკივრები ამას გაგებით უნდა მოეკიდონ.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსმა“ დღეს სტუმრად „დალასი“ 97-107 დაამარცხა.