კობა წიტაიშვილი - ეს პრიზი გიორგისთვის მეტი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
კობა წიტაიშვილი - ეს პრიზი გიორგისთვის მეტი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT

სეზონის საუკეთესო დებიუტანტის პრიზი „სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე გიორგი წიტაიშვილმა დაიმსახურა. მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და პოლონეთის ჩემპიონ პოზნანისლეხის“ შემტევი ნახევარმცველი დაჯილდოებას ვერ დაესწრო და პრიზი მამამისს, ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, კობა წიტაიშვილს თბილისის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, „სარბიელის“ ყოფილმა ჟურნალისტმა გაიოზ თალაკვაძემ გადასცა.

„ყველა მამას უნდა, რომ შვილმა მეტს მიაღწიოს და მიხარია, რომ გიორგი წლის დებიუტანტად დაასახელეს. ეს დიდი ემოციაა და ვულოცავ გიორგის, ასევე გიორგი მამარდაშვილს, რომელიც წლის ფეხბურთელად დაასახელეს“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

კობა წიტაიშვილის თქმით, აღიარება სტიმული უნდა გახდეს:

„ეს ძვირფასი პრიზია და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მაგრამ გიოსთვის მეტი პასუხისმგებლობაცაა. ასეთ ჯილდოს რომ გაძლევენ და გაფასებენ, მეტი სტიმულია, რომ არ გაჩერდე და უფრო მეტი გააკეთო“.

მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გიორგის „ლეხში“ ძირითადად შეცვლებზე ათამაშებენ:

„უკრაინაში ომმაც იმოქმედა და სრულყოფილი შეკრება არ გაუვლია. კიეველებთან ერთად მხოლოდ ორი დღე ივარჯიშა. ასე მივიდა „ლეხში“, რომელიც სერიოზული გუნდია და ჩემპიონთა ლიგისთვის მომზადებული იყო. ამ პრობლემას ზამთრის შეკრების გავლით მოაგვარებს“.

11 წლიდან უკრაინაში გადასულ წიტაიშვილს ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ფორმით მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ფინალში კი სამხრეთ კორეას გადამწყვეტ მომენტში ულამაზესი გოლი გაუტანა და მატჩის გმირი გახდა.

წიტაიშვილის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, პოლონეთის ჩემპიონ პოზნანისლეხში“ კი იჯარით გადავიდა. გიორგიმ საქართველოს პასპორტი 2021 წელს დაიბრუნა და საქართველოს სახელით გამოსვლა გადაწყვიტა – მან „ჯვაროსნებში“ უკვე 10 მატჩი ჩაატარა.