კობა გვენეტაძე - ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება
კობა გვენეტაძე - ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება

ინფლაცია მთელ მსოფლიოში იზრდება, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც კი ასე იყო, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემა განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში ინფლაციისა და ბაზარზე არსებული გამოწვევები და საპასუხო ქმედებები იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი ეკონომიკის გლობალურ გამოწვევაზე – მაღალ ინფლაციაზე გააკეთა და მონეტარული ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ინფლაცია მთელ მსოფლიოში იზრდება, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც კი ასე იყო. მიწოდება-მოთხოვნის შეუსაბამობა, საქონლის (საწვავის და სურსათის) ფასების ზრდა 2021 წლის დასაწყისიდან ინფლაციის ზრდას ასტიმულირებს. ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება და მონეტარულ ხელისუფლებას უფრო ძლიერი რეაგირების გაკეთება მოუხდება. ახალგაზრდა ბაზრების ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრევენციის მიზნით უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რაც განვითარებული ეკონომიკების პოლიტიკის ნორმალიზაციის ციკლის დაწყებისას ინფლაციური მოლოდინების გაჩენის საპასუხოდ მოხდა. თუმცა, ბოლო პერიოდის ინფლაციის რისკები ახალგაზრდა ბაზრების ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, კიდევ უფრო დააჩქარონ პოლიტიკის გამკაცრება, რათა შეაკავონ ის მოლოდინები, რომლებიც ხანგრძლივი ინფლაციის ფონზე სწრაფად იზრდება. სწორედ ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო გავამკაცრეთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.