კლოპი ოფიციალურად დაინიშნა გერმანიის ნაკრებში – სპეციალისტმა გაამხილა შემადგენლობის დაკომპლექტების პრინციპი და მომავალი სათამაშო სქემა #1TVSPORT

16:01, 24.07.2026

„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, – ამის შესახებ წერია ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ოფიციაურ ვებგვერდზე. გერმანელ სპეციალისტთან 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.

„იმ დღეს, როცა თქვენ აღარ მოისურვებთ ჩემს ხილვას, მე წავალ – ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. თუ ხვალ მეტყვით, რომ გამოუსადეგარი ვარ, წავალ. მაგრამ ეს უნდა თქვას არა ერთმა ადამიანმა, არამედ საზოგადოებამ. თუ თქვენ, ჟურნალისტები ცუდად მოიქცევით და ჩემს ოჯახს არ მოასვენებთ, ამ შემთხვევაშიც წავალ. თუ რამე არ იმუშავებს, გამაკრიტიკეთ მხოლოდ მე. სიამოვნებით ვიმუშავებ გამოსწორებაზე. მთავარია – სამუშაო. მე ვერ ვხედავ ჩემს კარიერას ეროვნული გუნდის შემდეგ. რეალურად, ეს არის ჩემი კარიერის მწვერვალი“, – განაცხადა კლოპმა.

გერმანელმა ასევე ახსნა, რა პრინციპებით იხელმძღვანელებს შემადგენლობის დაკომპლექტებისას:

„ითამაშებს ის, ვინც საკმარისად კარგი იქნება. ვინც მშიერია გამარჯვებებზე, ვინც კიდევ უფრო უკეთესი ხდება, როცა გერმანიის ნაკრების მაისურს იცვამს. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ ამაყობ ნაკრებში თამაშით. ამას საქმით უნდა ამტკიცებდე.

ყველამ, ვინც შეძლებს გერმანიის ნაკრებში თამაშს, მაქსიმალურად უნდა მოინდომოს. მე ამას დავაკვირდები. ჩვენი კარი ღიაა. დღეს ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. ბევრ მატჩს ვნახავ ბუნდესლიგაში, ასევე საზღვარგარეთ, რათა დავაკვირდე მოთამაშეებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ შემადგენლობაში მოხვედრაზე“.

იურგენ კლოპმა არ დამალა, რა სქემის გამოყენებას აპირებს თავის ახალ სამუშაო ადგილზე:

„ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატიდან მთავარი დასკვნა ის არის, რომ ოთხი მცველით თამაშს გამარჯვება მოაქვს. და ჩვენც ამავეს გავაკეთებთ. ასევე, ვითამაშებთ ფლანგებიდან, რადგამ მე ამაში დარწმუნებული ვარ“.

კლოპის გუნდში სამი სპეციალისტი იმუშავებს – პეტერ კრავიცი, პეპეინ ლეინდერსი და სვენ ბენდერი.

კრავიცი კლოპთან მუშაობდა „დორტმუნდსა“ და „ლივერპულში“, გასულ სეზონში კი ასისტენტი იყო „ლაიპციგში“. ნიდერლანდელი ლეინდერსი ასევე კლოპის ასისტენტი იყო „ლივერპულში“, გასული სეზონი კი „მანჩესტერ სიტიში“ გაატარა. 37 წლის ბენდერი „დორტმუნდის“ ყოფილი ფეხბურთელია. გასულ სეზონში ის რეგიონალლიგს კლუბს, „უნტერჰახინგს“ წვრთნიდა.

იურგენ კლოპის დებიუტი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 24 სექტემბერს შედგება – ერთა ლიგის გასვლით მატჩში ნიდერლანდების წინააღმდეგ. ამ ტურნირზე ჯგუფში გერმანიის მეტოქეები ასევე იქნებიან სერბეთი და საბერძნეთი.

გერმანიის ნაკრებში კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ გუნდის ახალი სპორტული დირექტორი გახდა პერ მერტეზაკერი. ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილი მცველი მოვალეობის შესრულებას 2027 წლის 1 იანვრიდან შეუდგება და ამ თანამდებობაზე შეცვლის ანდრეას რეტიგს. მერტეზაკერი პასუხისმგებელი იქნება ეროვნულ გუნდებზე და აკადემიაზე.

გერმანელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2018 წელს „არსენალის“ აკადემიას ჩაუდგა სათავეში, სადაც ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში 2026 წლის ზაფხულამდე იმუშავა.

მსგავსი