კიტეიშვილს „შტურმმა“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა - სხვა წინადადებები არც განმიხილავს #1TVSPORT
კიტეიშვილს „შტურმმა“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა - სხვა წინადადებები არც განმიხილავს #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ობერაიჩში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გუნდმა მეორე ბუნდესლიგის „ჯუნიორსი“ 6:0 დაამარცხა. 

ოთარ კიტეიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და გუნდმა ამ პერიოდში ოთხი გოლი გაიტანა. თუმცა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს გოლით თავი თავი არ გამოუჩენია.

ცნობილი გახდა, რომ კიტეიშვილს ავსტრიული კლუბი ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობს. ავსტრიულ გამოცემა krone-ში საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველზე გამოქვეყნებულ წერილში ავტორი ამტკიცებს, რომ 24 წლის „სამეფო მარგალიტისთვის“ „შტურმი“ ახალ შეთავაზებას ამზადებს.

„სამი მილიონი ევროს საბაზრო ღირებულებით, ოთარი ჯონ სტანკოვიჩის შემდეგ (3,5 მილიონი ევრო) „შტურმის“ სამეფო გვირგვინის მარგალიტია – და ასეც უნდა დარჩეს. სპორტულმა დირექტორმა შიკერმა მას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომლითაც ქართველი უკეთეს ხელფასს მიიღებს“, – წერს ავსტრიული გამოცემა და კიტეიშვილის მოკლე კომენტარს აქვეყნებს.

„ამას მალე განვიხილავთ, ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებულია. გრაცში უკვე მეოთხე წელი ვთამაშობ, აქაურობა ძალიან მომწონს და სხვა შემოთავაზებები არც განმიხილავს. ახლა მთლიანად ახალ სეზონზე ვარ კონცენტრირებული“, – ამბობს კიტეიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ახალი სეზონისთვის „შტურმში“ იმედისმომცემი შემადგენლობა იკრიბება:

„იმედია, წარმატებული სეზონი გველოდება. ავსტრიის ბუნდესლიგაში შარშანდელივით მინიმუმ მესამე ადგილის მიღწევა გვსურს იმის მიუხედავად, რომ ბევრი თითქმის თანაბარი ძალის გუნდია. ევროსარბიელზეც კარგად უნდა გამოვიდეთ. ვფიქრობ, „შტურმს“ აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს“.