კვარაცხელიას ტრანსფერი ფერხდება - ეს ცუდი სიგნალია, სლუცკი უკვე ხვიჩას და მისი კონკურენტის ერთად თამაშის ვარიანტებს ეძებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ფერხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ქართველი გუნდში დარჩეს – ეს ტელეარხ ტნვ-ს („ტატარსტან ნოვი ვეკ“) ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან შევიტყვეთ.
ხაკშაბანოვიჩის პრევენციისთვის „რუბინში“ სხვა ადგილს ეძებენ – კვარაცხელიას გაყიდვა შეფერხდა.
„ყაზანის „რუბინმა“ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი (2:1) გამართა. გუნდის სასტარტო შემადგენლობამ არაერთი საინტერესო კითხვა წამოჭრა. უპირველეს ყოვლისა, საუბარია „რუბინის“ ყველაზე ძვირადღირებულ ახალწვეულზე, სეიდ ხაკშაბანოვიჩზე, რომელიც ყაზანის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იქნა შეძენილი. დრო გადის და ხმები ქართული ვუნდერკინდის გაყიდვის შესახებ ევროპულ სატრანსფერო რეალობაში ჯერ არ ასახულა. რას უზამენ სეიდ ხაკშაბანოვიჩის, თუ ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული ტრანსფერი ვერ მოხერხდება?“, – ჟურნალისტი ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ტელეარხის მომზადებულ რეპორტაჟში საინტერესო აქცენტია დასმული:
„ყაზანელებისთვის ვითარება გართულებულია იმით, რომ ხაკშაბანოვიჩი ხვიჩას პოზიციის მოთამაშეა და ძირითადი გუნდისთვის შეიძინეს. 6 მილიონი ევრო აშკარად არ არის ის თანხა, რომელსაც ყაზანური კლუბი ხვიჩას უბრალო შემცვლელში გადაიხდიდა. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რა პოზიციას დაიკავებდა ჰაკშაბანოვიჩი „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ტესტ-მატჩში კვარაცხელიას არყოფნისას, რომელმაც თამაში მცირე დაზიანების გამო გამოტოვა. მონტენეგროელი კი თავდამსხმელთა უკან მოქმედებდა“.
ტნვ-ს ჟურნალისტმა აქედან არც ისე სასიამოვნო დასკვნა გამოიტანა: „მონტენეგროელის ამ პოზიციაზე დაყენება ერთგვარ სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს იმის შესახებ, რომ კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვა შეფერხდა. ისე ჩანს, რომ სლუცკი უკვე პრევენციულ ზომებს იღებს და შემადგენლობაში კვარაცხელიას და ხაშკაბანოვიჩის ერთად თამაშის ვარიანტებს ეძებს“.