„კიკერი“ – უაღრესად ნიჭიერმა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ იმედები თავიდანვე გაამართლა #1TVSPORT
„კიკერი“ – უაღრესად ნიჭიერმა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ იმედები თავიდანვე გაამართლა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ყველა წამყვანი სპორტული მედია-საშუალება გამოეხმაურა. პირველ ორ ტურში ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა და 1 პასი შეასრულა.

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერმა „მონცასთან“ დუბლი გაიფორმა და „ნაპოლის“ მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „კიკერი“ საინტერესო ფაქტებს აქვეყნებს.

„მეორე თამაში და მეორე გოლი: კვარაცხელია დიდი ავანსით მოვიდა. უაღრესად ნიჭიერმა და მხოლოდ 21 წლის ქართველმა იმედები თავიდანვე გაამართლა. „მონცასთან“ მეტოქის საჯარიმო მოედნის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მიიღო ბურთი და მაშინვე დაარტყა. სანახავად ღირს ეს აუღებელი დარტყმა ზედა მარჯვენა კუთხეში.

მეორე გოლზე სტადიონის გამომცხადებელმა ხუთჯერ წარმოთქვა „ხვიჩა“, „ნაპოლის“ გულშემატკივრები კი მას ხმამაღლა ხუთჯერ შეუერთდნენ სკანდირებით – „კვარაცხელია!“ რატომ? იმიტომ, რომ ქართველმა, რომელიც წლების განმავლობაში „დინამო თბილისში“ ვარჯიშობდა და სამხრეთ იტალიაში „რუსთავის“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, ყაზანის „რუბინისა“ და ბათუმის „დინამოს“ გავლით მივიდა, ისევ გაიტანა.

„ნაპოლი“ ზეიმობს სერია A-ში შესანიშნავ სტარტს: „ვერონასთან“ შთამბეჭდავი 5:2-ის შემდეგ, ახლა „მონცა“ 4:0 დაამარცხა. ამით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე სპალეტის გუნდი ხაზს უსვამს თავის პრეტენზიას, რომ იტალიაში კვლავ საუკეთესოთა შორის იყოს და სწრაფად დაივიწყოს ინსინიეს, მერტენსის და კულიბალის წასვლით გამოწვეული დანაკარგი. პირველ რიგში ამის დასტურია კიმის და თავდამსხმელ კვარაცხელიას დამატება, რომელსაც უკვე სამი გოლი აქვს ანგარიშზე“, – წერს პოპულარული გერმანული გამოცემა.