კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა
კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა

კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. ტელეგრამარხებით, ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმა გაისმა კიევთან ახლოს, ქალაქ ბელაია ცერკოვში, ასევე, ქალაქ ხარკოვში და სუმის ოლქის ქალაქ შოსტკში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება.

რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, რუსები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ ამ რეგიონს და შეტევას ამზადებენ სლავიანსკსა და ბახმუტზე.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა ხარკოვის მიმართულებითაც. როგორც მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, უკრაინელებმა შეძლეს წარმატებული შეტევის განხორციელება. შედეგად, განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალა და ჯავშანმანქანები. პოლიციის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

სამხრეთის მიმართულებით, კერძოდ ხერსონის ოლქში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს. უკრაინის სამხედრო მეთაურების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის კუთვნილი ერთი ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და რვა ავტომობილი.