კიდევ ერთი ტრავმა საქართველოს ნაკრებში - ესტონეთთან გვილიაც ვერ ითამაშებს
კიდევ ერთი ტრავმა საქართველოს ნაკრებში - ესტონეთთან გვილიაც ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა და სამწუხაროდ, საკადრო პრობლემები მოუმრავლდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. საქმე ისაა, რომ ერთდღიანი პაუზის შემდეგ, ტრავმიანობამ თავი ისევ იჩინა – ამჯერად ცნობილი გახდა, რომ წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ტრავმის გამო ესტონეთთან მატჩს ვაკო გვილია გამოტოვებს.

ვარშავის „ლეგიას“ ქართველი ლეგიონერი, შესაძლოა, ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში შეუერთდეს. მკურნალობის პროცესს ვაკო გვილია თბილისში განაგრძობს და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში, თბილისიდან ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს გაემგზავრება. ამავე დღეს ტალინის „ლე კოქ არენაზე“, ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ესტონეთში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებების დაპირისპირება ტალანის „ლე კოქ არენაზე“ 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.