ხვიჩას სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ წარუმატებლობები შემთხვევითობაა - სლუცკიმ კვარაცხელიას ევროპაში არწასვლაზე ილაპარაკა #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპაში არწასვლამ ცუდად იმოქმედა.
„შეუძლებელია ამას გავლენა არ მოეხდინა. რაღაც მომენტში ბევრს ფიქრობდა იმაზე, სად უნდა გადასულიყო და ვისთან უნდა ეთამაშა. ფეხბურთი სამართლიანი თამაშია. ის გარკვეულწილად პასუხს სცემს ხვიჩას იმის გამო, რომ ბოლო თვეებში ასეთი თავდადებული არ იყო. თუმცა ახლა კარგად ვარჯიშობს და კარგად ესმის, რომ მისი ტრანსფერი ჩაიშალა. ამავე დროს ვუხსნიდით, რომ ამ ტრანსფერისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. გასაგებია, ამის გამო ემოციურად გადაიტვირთა, რასაც ტრავმაც დაემატა“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ხვიჩა ფორმის აღდგენას მოახერხებს:
„მესმის, რომ მის ტრანსფერთან დაკავშირებით საქართველოში დიდი მოლოდინია. განხილვადი ფიგურაა და როდესაც ეს ყველაფერი 20 წლის ასაკში ზვავივით გაწყდება, ამას ყველა ფეხბურთელი თავს უმტკივნეულოდ ვერ გაართმევს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მაღალი დონის მოთამაშეა, ნიჭი აქვს და შრომისმოყვარეა. ვფიქრობ, მას სურს ყველას დაუმტკიცოს და უპირველესად საკუთარ თავს, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა შემთხვევითობა იყო. ის რჩება დიდ ფეხბურთელად, მინიმუმ ჩვენს კლუბში. მასზე დიდი იმედებს ვამყარებთ და მხარს ვუჭერთ“.
სლუცკიმ ასევე ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რამაც კვარაცხელიას სატრანსფერო ისტორიის გარდა სეზონის კარგად დაწყებაში ხელი შეუშალა:
„მას ყველაფერთან ერთად ტრავმა ჰქონდა. ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა იმის გასაგებად, რა სტკივა, სად ტკივა – თავი გადაიზღვია, რადგან ტრავმებთან დაკავშირებით გამოცდილება არ აქვს. მასზე გადამეტებულმა სატრანსფერო მოლოდინებმა და ტრავმამ უარყოფითად იმოქმედა. ხვიჩა მაქსიმალურად სასარგებლოა, როდესაც ფიზიკურად და მენტალურად ბოლომდე მზადაა“.
ყაზანელთა მწვრთნელმა გაიხსენა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ თამაში, სადაც ხვიჩამ პენალტი სხვის დანიელი დრიერის ნაცვლად დაარტყა. სლუცკიმ დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს თავისით გადაწყვიტა:
„პენალტი ანდერს დრეიერს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ თავის თავზე აიღო და ვერ გაიტანა. 50 წლის ვარ, ის 20 წლისაა და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ახალგაზრდა მოთამაშეების გაგება. ფიქრობდა, რომ ეს პენალტი მის ცხოვრებაში ბევრს შეცვლიდა. ცოტა ეგოისტურად გააკეთა. ალბათ, ყველაზე დაზარალებული ახლა მე ვარ. ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად ავუხსნა“.
„რუბინის“ მწვრთნელის თქმით, გუნდში მისი თანადგომა სურთ:
„ყველას სურს დაეხმაროს, ძველ დონეს რომ დაუბრუნდეს. ადრე ბაზაზე ცხოვრობდა, დამატებით ვარჯიშობდა და ბურთის გარეშე ვერ ძლებდა. ბოლო რამდენიმე თვეში დავინახე, რომ ეს ფანატიკური დამოკიდებულება აღარ ჰქონდა. ესეც ნორმალურია, რადგან ყველაფერი იცვლება. მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი ყველაზე სამართლიანი თამაშია და თუ შენს თავს რაიმე ხდება, უნდა გაანალიზო და პასუხი კითხვაზე შენს თავში უნდა მოიძიო, სამართლიანი იყავი თუ არა ფეხბურთის მიმართ და მიეცი თუ არა მას ყველაფერი, რაც გაგაჩნდა. ასევე შეგიძლია თუ არა მას რამე მოსთხოვო. ხვიჩას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ კლუბში მას ყველა დაეხმარება, მათ შორის, პირადად მე“.