ხვიჩა კვარაცხელია - საუკეთესო მოთამაშის პრიზს ჩემი გუნდელი იმსახურებდა
ხვიჩა კვარაცხელია - საუკეთესო მოთამაშის პრიზს ჩემი გუნდელი იმსახურებდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სპარტაკი-რუბინი (0:2) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კარგი თამაშის გარდა, თავი ადამიანური თვისებებითაც გამოიჩინა.

ტელეკომპანია Match Premier-ის ეთერში ხვიჩამ განაცხადა, რომ პრიზი მის თანაგუნდელს, სერბ ჯორჯ დესპოტოვიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც დუბლი ხვიჩას საგოლე გადაცემის და დარტყმის შემდეგ შეასრულა.

„ცუდ ამინდში და არც თუ საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ მინდორზე ვითამაშეთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიგეთ. მე ბედნიერი ვარ. დესპოტოვიჩმა „სპარტაკთან“ ორი გოლი გაიტანა და ვფიქრობ, ის საუკეთესო ფეხბურთელია. რამე რომ იყოს, პრიზს მას მივცემ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ქართველი თავდამსხმელის თქმით, „რუბინი“ ევროთასებზე მოხვედრას იმსახურებს.

„მოსკოვის „სპარტაკს“ რომ მოუგებ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ და კარგი „ფიზიკა“ გვაქვს. რაც შეეხება, ევროსაგზურისთვის ბრძოლას – რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია, რადგან კარგი გუნდი ვართ. თუ ისეთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, როგორიც „სპარტაკია“, ეს ნიშნავს, რომ ევროთასებისთვის მზად ვართ“.

ხვიჩამ კომენტარი გააკეთა მის წინააღმდეგ „სპარტაკის“ მოთამაშეთა ზღვარგადასულ უხეშობაზე.

„მცველები ხშირად მეუხეშებოდნენ და ფეხებში მირტყამდნენ. მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეც ხდება. ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რომ ისინი მე მირტყამდნენ“.