ხუან კარლოს ოსორიო პარაგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელა. კოლუმბიელი სპეციალისტის განცხადებით, გადაწყვეტილება პარაგვაის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ იქნა მიღებული.
„ოჯახური პრობლემების გამო, ამ თანამდებობაზე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის. პარაგვაის ეროვნული გუნდის გაწრთვნა ჩემთვის დიდი პატივი იყო“, – განაცხადა ოსორიომ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ რობერტ ჰარისონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ოსორიოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 11 თებერვალს გავრცელდა, თუმცა მაშინ კოლუმბიელმა სპეციალისტმა ეს კატეგორიულად უარყო.
ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოსორიოს მიერ გაწვრთნილმა მექსიკის ნაკრებმა გერმანიის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფიდან მერვედფინალში გააღწია, სადაც ბრაზილიასთან წააგო.