ხუან გუაიდოს აშშ-ის ბანკებში ვენესუელის აქტივებზე კონტროლი გადაეცა
ხუან გუაიდოს აშშ-ის ბანკებში ვენესუელის აქტივებზე კონტროლი გადაეცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხუან გუაიდოს აშშ-ის ბანკებში ვენესუელის აქტივებზე კონტროლი გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნულ ბრძანებას ხელი გასულ კვირას მოაწერა.

„აღნიშნული სერტიფიკატი ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებას მიანიჭებს წვდომას იმ საბანკო აქტივებზე, რომლის საშუალებითაც ვენესუელელი ხალხი ნახავს სარგებელს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ახლა ოფიციალური ვაშინგტონი ამავეს გაკეთებისკენ სხვა სახელმწფოებსაც მოუწოდებს.

რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი დიპლომატების თხოვნის გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის ბანკმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის ოქროს რეზერვის გაცემაზე უარი უთხრა.