ხათუნა თოთლაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია ქართული მხრიდან აშშ-ის ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება
ხათუნა თოთლაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია ქართული მხრიდან აშშ-ის ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, ქართული მხარის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის დაბლოკვის თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჟურნალისტებს თოთლაძემ განუცხადა, ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს არ არის და საკითხზე განმარტებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ თემაზე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს საქართველოში ვიზიტისას დაუსვეს კითხვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.