ხათუნა ლაგაზიძე - ნულოვანი ბარიერი არის შესაძლებლობების ფანჯარა ახალი პოლიტიკური ძალებისთვის
ხათუნა ლაგაზიძე - ნულოვანი ბარიერი არის შესაძლებლობების ფანჯარა ახალი პოლიტიკური ძალებისთვის

ნულოვანი ბარიერი არის შესაძლებლობების ფანჯარა ახალი პოლიტიკური ძალებისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ დღეს ქვეყანას რამე სასიცოცხლოდ სჭირდება, ეს არის ახალი ენერგია და ახალი პოლიტიკური ძალები. რადგან არსებული პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და განვითარებას უბრალოდ, ვერ ახერხებს. ისინი საზოგადოების მოთხოვნებს ვერ ეწევიან“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უდავოდ პოზიტივია და ეს ერთი მხრივ, საზოგადოებას, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას უდავო პლუსად ჩაეთვლება.

„მაჟორიტარული სისტემა საქართველოში დიდ სავაჭრო დახლად იქცა. უკვე რამდენი წელია, ტრადიციად მოდის კანონისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, მაგალითად, რომელიმე ტენდერის არც თუ კანონიერი გზით მოგება. ეს ტრადიცია ხელისუფლებიდან ხელისუფლებას გადაეცემა. მაჟორიტარების უმრავლესობა იყვნენ და დღემდე არიან ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ, მაჟორიტარობა არაკეთილსინდისიერი გზით გამდიდრებისთვის გამოიყენონ. ამიტომ, ეს ცალსახად მოსაშორებელი მუწუკი იყო“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ის ასევე ემხრობა იმას, რომ ბლოკები არ იქნება, რადგან ამავე ქართული „ტრადიციის“ თანახმად ჩამოყალიბდა ძალიან მავნე ჩვევა, როცა არაფრის მაქნისი და არშემდგარი პარტიები მიმიკრიასავით ეკრობიან წამყვან ძალას და მათთვის პოლიტიკა ვაჭრობის, ფინანსური კეთილდღეობის საშუალებად იქცა.

„ამიტომაც, ბლოკები წინასაარჩევნოდ, მე არ მიმაჩნია სწორად. მით უმეტეს, როცა არის არჩევნების შემდგომი კოალიციების ჩამოყალიბების შესაძლებლობა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაში უნდა ყოფილიყო მინიმუმ 3 პროცენტიანი ბარიერი, რადგან მარტოსული თუ მარტოხელა ლიდერების სახით, პარტიები პარლამენტში არ მოხვდნენ და ის კვლავ სავაჭრო დახლად არ გამოიყენონ.

ლაგაზიძემ ასევე აღნიშნა, რომ 14 000 ხმის მოგროვება მარტივი არ იქნება, მის მოგროვებას ბევრი პარტია ვერ შეძლებს და მომავალი პარლამენტი არც ისე ჭრელი იქნება.

„ასე რომ, ახლა რომ ყელმოღერებული დადიან და თავი დეპუტატებად წარმოუდგენიათ, ძალიან ბევრს იმედი გაუცრუვდება“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ელექტორატში არის არჩევნების მიმართ მასობრივი ნიჰილიზმი და ოპოზიციური პარტიების მთავარი გამოწვევა არჩევნებზე ამომრჩევლის მიყვანა იქნება.

„ამისთვის, ყველას ვალდებულებაა, ელემენტარული საგანმანათლებლო მუშაობა ჩაატარონ, რა არის ეს პროპორციული არჩევნები, თუ ნულოვანი ბარიერი, რისთვის არის კარგი და რა შანსს აძლევს ამომრჩეველს, პარლამენტში ის გაიყვანოს, ვისაც საკუთარი ინტერესების საუკეთესო გამტარებლად მიიჩნევს, ეს აუცილებლად ჩასატარებელი კამპანია იქნება და უპირველესად, ოპოზიციის მიერ“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი უდავოდ კარგია, მაგრამ ამომრჩეველს მისი პრობლემის არა მხოლოდ გამხმოვანებელი, არამედ გადამჭრელი სჭირდება.

„ერთი კინკილა პარტიის ლიდერი ამ პრობლემის მომგვარებელი და გადამჭრელი არ არის. ამიტომ, მარტო წარმომადგენლობა, ცალკე აღებული, არაფრის მომცემი არ არის, თუ პრობლემების გადაჭრის მექანიზმი არ იქნა. ამას კი, ასე გათითოკაცებული პარლამენტი ვერ გადაწყვეტს. თუმცა, მრავალფეროვნება იმაზე უკეთესი მაინც არის, რაც გვქონდა. იმიტომ, რომ დადუღდება და შემდგომ, უფრო უკეთეს პარლამენტს მივიღებთ“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

დატოვე კომენტარი