კევინ დე ბრუინი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, იურგენ კლოპი - საუკეთესო მწვრთნელი
კევინ დე ბრუინი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, იურგენ კლოპი - საუკეთესო მწვრთნელი

პრემიერლიგამ 2019-20 წლების სეზონის ლაურეატები გამოვლენა დაასრულა. მას შემდეგ, რაც „ლივერპულის“ განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გამოაცხადეს, ასევე დასახელდა საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი.

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი. მან გამოკითხვაში აჯობა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, ჯორდან ჰენდერსონს, სადიო მანეს (ყველა – ლივერპული), დენი ინგსს (საუთჰემპტონი), ნიკ პოუპსა (ბარნლი) და ჯეიმი ვარდის (ლესტერი).

2019-20 წლების სეზონში დე ბრუინმა ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა – 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ბელგიელმა 13 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პრიზი „ლივერპულის“ დამრიგებელმა იურგენ კლოპმა დაისაკუთრა. მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდული გუნდი პირველად ბოლო 30 წელიწადში ინგლისის ჩემპიონი გახდა.

53 წლის სპეციალისტი პირველი გერმანელია, ვინც ეს ჯილდო მიიღო. კლოპის კონკურენტები იყვნენ – ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და კრის უაილდერი (შეფილდი).

გამოკითხვაში საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.

დატოვე კომენტარი