კავკასიის საკითხებში გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს
კავკასიის საკითხებში გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ზიბერტმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

გერმანელი დიპლომატი აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც დე ფაქტო ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას“, – წერს ზიბერტი „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.