კატარი 2022 | ფიფა-მ პორტუგალიის გოლი ბრუნო ფერნანდეშს მიაკუთვნა, კრიშტიანო რონალდო ამტკიცებს, რომ ბურთს შეეხო #1TVSPORT
კატარი 2022 | ფიფა-მ პორტუგალიის გოლი ბრუნო ფერნანდეშს მიაკუთვნა, კრიშტიანო რონალდო ამტკიცებს, რომ ბურთს შეეხო #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დარწმუნებულია, რომ ურუგვაის წინააღმდეგ პირველი გოლის ავტორი გახდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ 54-ე წუთზე გახსნა ანგარიში. თავდაპირველად გოლი რონალდოს ჩაუთვალეს, მაგრამ მოგვიანებით გაარკვიეს, რომ 37 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ბურთს არ შეხებია. ამიტომაც გოლის ავტორად ბრუნო ფერნანდეში გამოცხადდა.

როგორც გამოცემა O Jogo წერს, საფინალო სასტვენის შემდეგ რონალდო ირწმუნებოდა, რომ გოლი მან გაიტანა. ტელეტრანსლიაციაში ფორვარდის სიტყვები მოხვდა: „შეხება იყო. ბურთი შემეხო!“

ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა ედუ აგირემ განაცხადა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ში გააგზავნის იმის მტკიცებულება, რომ პირველი გოლი ურუგვაის ნაკრების კარში სწორედ რონალდომ გაიტანა.

სამშაბათს, შუადღისას გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ განიხილა ეს სათამაშო ეპიზოდი და დაადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდო არ შეხებია ბურთს გოლის მომენტში, – წერს ESPN-ი ფიფა-სა და კომპანია adidas-ზე დაყრდნობით, რომელიც აწარმოებს ბურთებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

„adidas-ის ტექნოლოგიების წყალობით, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიშტიანო რონალდო პირველი გოლის მომენტში ბურთს არ შეხებია.

გარე ძალას არ ჰქონია ბურთზე გავლენა იმ მომენტში. 500 ჰერციანი გადამცემი IMU, რომელიც ბურთის შიგნით არის ჩამონტაჟებული, საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ძალიან ზუსტები ამ ანალიზისას“, – წერია ფიფა-ს განცხადებაში.

თითეულ ბურთში, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ჩემპიონატზე, არის გადამცემი, რომელიც აფიქსირებს მოთამაშეების თითოეულ შეხებას. ეს ტექნოლოგია დანერგეს „თამაშგარისა და შეუმჩნეველი შეხების განსაზღვრისთვის“.