კარლაილი ბითაძეს მესამე ოფციად განიხილავს - ამერიკული მედია ჯეკსონს მთავარ შემცვლელად მოიაზრებს #1TVSPORT
კარლაილი ბითაძეს მესამე ოფციად განიხილავს - ამერიკული მედია ჯეკსონს მთავარ შემცვლელად მოიაზრებს #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერია დასასრულს უახლოვდება და გუნდები მომდევნო სეზონისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან. მათ შორისაა „ინდიანა პეისერსიც“, რომელმაც პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ში მე-3 სეზონი ჩაატარა და სათამაშო წუთების მატებასთან ერთად, მისი შედეგები და ეფექტურობაც გაიზარდა.

რიკ კარლაილს სეზონის დაწყებამდე შემადგენლობაში 4 ცენტრი ჰყავდა – მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი, გოგა ბითაძე და დრაფტზე ახლად არჩეული აიზია ჯეკსონი, მაგრამ ლიეტუველი კალათბურთელი „პეისერსმა“ მალევე „საკრამენტო კინგსში“ გაუშვა, ტერნერმა კი დარჩენილი მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

გოგას შანსი მიეცა, რაც მან მაქსიმალურად გამოიყენა, შესაბამისად, NBA-ის ოფიციალურმა გვერდმა მე-3 სეზონში მისი თამაში დადებითად შეაფასა. მიუხედავად ამისა, ამერიკული გამოცემა 8points9seconds წერს, რომ ბითაძე, შესაძლოა, „ინდიანაში“ ახალ სეზონში ცენტრის პოზიციაზე მე-3 ოფცია იყოს და სასტარტო ხუთეულის შემცვლელად აიზია ჯეკსონს მოიაზრებს.

„არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა შემდეგ სეზონში გოგა ბითაძე, მაგრამ საყურადღებოა, რომ სეზონის ბოლოს სასტარტო ხუთეულის წევრი, უფრო გამოცდილი ბითაძის ნაცვლად, ჯეკსონი იყო. ვფიქრობ, კარლაილი ჯეკსონს სასტარტოს მთავარ შემცვლელად განიხილავს, გოგას კი მესამე ოფციად“, – წერს 8points9seconds.

NBA-ის ახალი სეზონი 19 ოქტომბერს დაიწყება. მანამდე კი გოგა ბითაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევრობასკეტზე უნდა ითამაშოს.