კარლ ჰარცელი - საქართველო სამხედრო კუთხითაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია
კარლ ჰარცელი - საქართველო სამხედრო კუთხითაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია

საქართველო სამხედრო კუთხითაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„არ ვიცი, როგორი იყო ციტატა ან რა მნიშვნელობა ჰქონდა. განათლების სიძლიერეს რაც შეეხება, მეც ვეთანხმები, რომ განათლება არის ძლიერი ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მდგრადი იყოს. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ, ევროკავშირმა ძალიან დიდი სარგებელი მივიღეთ, ქართველი ჯარისკაცები ჩვენს მხარდამხარ არიან მალიში. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ კონტრიბუციისთვის. ეს ძალიან ნათელია, რომ ჩვენ სამხედრო კუთხითაც ძლიერი პარტნიორი გვყავს რეგიონში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.