კანკავამ რეკორდის გაუმჯობესება აღარ ისურვა - კაპიტანმა 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

9 ოქტომბერს, ბათუმში, ჯაბა კანკავამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა ლევან კობიაშვილის შემდეგ, რომელმაც „ჯვაროსნების“ ფორმა მეასედ მოირგო.

ბერძნებთან ყვითელი ბარათი მიიღო, კოსოვოსთან შეხვედრა გამოტოვა და ყველა ელოდა, რომ შვედეთთან კანკავა კობიაშვილის რეკორდს გააუმჯობესებდა. მუნდიალის შესარჩევის ბოლო შეხვედრის დაწყებამდე, 11 ნოემბერს, ბათუმში ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას ნაკრებში ჩატარებული მე-100 საიუბილეო მატჩისთვის საგანგებოდ მისთვის დამზადებული მაისურა გადასცეს, რომელზეც 100 ნომერი ეწერა. ჯაბას პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

თუმცა, წლის ბოლო შეხვედრაში ჯაბა კანკავა არც ძირითად შემადგენლობაში გამოჩენილა, არც შეცვლაზე და საბოლოოდ, გაირკვა, რომ ვილი სანიოლმა ამჯობინა, მოედნის ცენტრში ნიკა კვეკვესკირისა და ვაკო გვილიას წყვილი შეენარჩუნებინა, რომელმაც ბოლოს კოსოვოსთან მოგებულ შეხვედრაში ითამაშა. მეტჯერ ჯაბას ნაკრებში აღარ უთამაშია.

როგორც ჩანს, კანკავას სანაკრებო კარიერის დასრულება 2020 წელსაც სურდა. ამაზე 2021 წლის 17 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული გუნდის ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მიანიშნა, როდესაც ნაკრების კაპიტნის შესახებ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა.

„კანკავა იქნება თუ არა ნაკრების კაპიტანი? დიახ, ის კაპიტნად დარჩება და გუნდს მოედანზე უახლოესი სამი მატჩში სამკლავურით გაიყვანს, რადგან კარგად დამიხასიათეს. თუმცა, ვნახოთ, შესაძლოა, მომავალში ახალი კაპიტანი გვყავდეს. შეხვდებით გუნდს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ამ საკითხს განვიხილავთ“, – ამბობდა სანიოლი.

ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ითამაშა, როდესაც „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „მიხეილ მესხზე“ ალბანეთს უმასპინძლეს, ჯაბა კი მოედანზე 68-ე წუთზე მალხაზ ასათიანის ნაცვლად შევიდა. სულ კანკავამ 100-დან ძირითად შემადგენლობაში 96 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 35-ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა ეროვნული გუნდის ღირსებას 17 წელი იცავს. მსგავსი მაჩვენებელი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ აქვს და ნაკრებში გატარებული წლების მიხედვით რეკორდსმენია.