კახი კახიაშვილი - რაფაელ ჩიმიშკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება #1TVSPORT
კახი კახიაშვილი - რაფაელ ჩიმიშკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება #1TVSPORT

დიღომში მდებარე სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ დასრულდა 17-წლამდე ძალოსანთა ტურნირი, რომელიც პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრება თბილისის ძალოსნობის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თანაორგანიზებითა და თბილისის მერიის ეგიდით ჩატარდა.

ტურნირზე საქართველოს 14 ქალაქის 120-მდე ძალოსანი ასპარეზობდა, გამარჯვებულები გოგონათა და ვაჟთა შორის გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ 17-წლამდელებში საქართველოს რამდენიმე რეკორდი დამყარდა.

ორგანიზატორტების თქმით, რაფაელ ჩიმიშკიანის ხსოვნის ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება.

„ჩიმიშკიანი ჩვენი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი იქნება ტრადიციული და ყოველწლიური. ამ შეჯიბრებზე შევარჩევთ ეროვნული ნაკრების წევრებს, ეროვნულ გუნდის წარმომადგენლებმა კი მხოლოდ 2022 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 84 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს“, – ამბობს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

ნოდარ სირბილაშვილი, თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: „რაფაელ ჩიმიშკიანი წელს გარდაიცვალა და თბილისის მერიაში მაშინვე მოვილაპარაკეთ, რომ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ჩავატარებდით. ეს ადამიანურადაც ჩვენი ვალდებულება იყო. შეჯიბრება მოემსახურება სპორტის პოპულარიზაციას და ბავშვებისთვის დიდი სტიმული იქნება“.