კახა კუკავა - ზვიად გამსახურდიამ ეთნოკონფლიქტი აფხაზეთში ფუკასავით ააცალა „კაგებეს“
კახა კუკავა - ზვიად გამსახურდიამ ეთნოკონფლიქტი აფხაზეთში ფუკასავით ააცალა „კაგებეს“

რასაც ზვიად გამსახურდიამ მაშინ აფხაზეთში მიაღწია, ისეთი რამ იყო, მესი რომ სასწაულ ფანდს გააკეთებს ხოლმე, – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მაშინ დაიწყო რამდენიმე ათეული ეთნოკონფლიქტი, რომელიც საბჭოთა „კაგებეს“ მიერ იყო მართული, რათა რესპუბლიკები დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაეჩერებინათ. მხოლოდ ერთ ადგილას, აფხაზეთში მოხერხდა წარმოუდგენელი ილეთი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა. იქ უკვე ყველაფერი დაგეგმილი იყო, სისხლიც დაღვრილი იყო და ზვიად გამსახურდიამ ეთნოკონფლიქტი ფუკასავით ააცალა „კაგებეს“. წარმოუდგენელი ამბები მოხდა. არავის ეგონა, რომ ზვიად გამსახურდია აფხაზებს დაუთმობდა, მაგრამ მანდატი მისცა. ასევე არავის არ ეგონა, რომ აფხაზები საქართველოს დაუთმობდნენ, მაგრამ დაუთმეს და დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური სტატუსის საკითხზე ისეთი იურიდიული მექანიზმი იყო, ქართველების თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობა.

მისი თქმით, ეს მემკვიდრეობა 1992 წელს განიავდა, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც ქართველებს დღემდე სალაპარაკო გვაქვს.

როგორც კუკავამ აღნიშნა, ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობიდან არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც საქართველოს სამომავლოდაც გამოადგება.

„მე მიმაჩნია, რომ დღემდე, არის ძალიან ბევრი რეზერვი, რაც ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობას უკავშირდება და, რაც ქვეყანას სამომავლოდ კიდევ გამოადგება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდია საოცრად ჰუმანური ადამიანი იყო.

„თავის ჯარისკაცებს დავალებას აძლევდა, არ ესროლოთო. მეთაურები ეუბნებოდნენ, როგორ არ ვესროლოთ, როცა გვესვრიანო? მაშინ ფეხებში ესროლეთ, მარხვააო. დღეს ხომ წარმოუდგენელი და სასაცილოა, რომ პრეზიდენტმა თავის ჯარისკაცებს უთხრას, არ ესროლოთ, ქართველები არიან და მარხვააო“, – განაცხადა კახა კუკავამ.