კახა კუჭავა - რეგიონები უნდა გავაძლიეროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ხელი დაატყო ყველა რეგიონს
კახა კუჭავა - რეგიონები უნდა გავაძლიეროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ხელი დაატყო ყველა რეგიონს

რეგიონები უნდა გავაძლიეროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ხელი დაატყო ყველა რეგიონს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თელავში, კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ მეფე ერეკლე სასახლეში ვიმყოფებით. მეფის, რომელმაც ქართველს ხალხს დაუბრუნა რწმენა ძლიერი საქართველოსი. გუშინ, დიდგორობა აღვნიშნეთ, დღე, რომელიც ნამდვილად საამაყოა თითოეული ქართველისთვის – ბრწყინვალე გამარჯვების დღე. ვიდრე თელავში ჩამოვიდოდით, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მის მემორიალთან პატივი მივაგეთ. საუკუნის წინ თუ უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის გმირებმა შექმნეს ბრწყინვალე საფუძველი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ ოკუპაცია და გავაგრძელოთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. წინ ბევრი გამოწვევაა და აუცილებელია, ერთობით შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავამ გამოსვლისას აღნიშნა, რომ თელავი განსაკუთრებულად გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი.

„გარკვეული პერიოდის წინ ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად გია ალხანაიძის თელავური ლუდის დასაგემოვნებლად ვიმყოფებოდით, მათ ვმასპინძლობდით. მათ ასეთი რამ მითხრეს, როცა თელავში ვსეირნობდით – ევროპულ ქალაქში ვართო. ჩემგან პასუხიც შესაბამისი იყო – დიახ, ეს ევროპული ქალაქია, ეს ქართული ქალაქია, შესაბამისად, ევროპული ქალაქია.

ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო. აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისი ხელი დაატყო ყველა რეგიონს. თელავი ნამდვილად გამორჩეულია ამ კუთხით – მხოლოდ მეღვინეობაზე რომ არ ვისაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და პირველია, აქაურობა გამორჩეულია ხელოვნების, კულტურის, სპორტის კუთხით.

თელავის საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირმა უკვე სახელი დაიმკვიდრა მსოფლიოში. აქ აშენდა ბრწყინვალე, საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი, უნივერსიტეტი, სადაც მეც მომეცა ბედნიერება, რამდენიმე საჯარო ლექცია წამეკითხა, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, სადაც ბრწყინვალე წარმოდგენები იმართება. ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ თელავი გავხადოთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.

ჩვენ გვყავს მერობის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი გუნდი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას. თელავი გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.