კახა ცხადაძე - „მაკაბისთან“ მატჩი ახალგაზრდებისთვის თავის გამოჩენის შანსია #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „მაკაბისთან“ მატჩი ახალგაზრდებისთვის თავის გამოჩენის შანსია #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის გუნდთან, ჰაიფას „მაკაბისთან“ შეხვედრამდე „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკეს.

– ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე „ნეფტჩისთან“ ცუდად არ გვითამაშია და მიმაჩნია, რომ წაგებას არცერთ მატჩში ვიმსახურებდით. თუ განსხვავებული აზრი ვინმეს გააჩნია, შემიძლია შევეკამათო. თუმცა წაგებები ინდივიდუალურმა შეცდომებმა განაპირობა. აზერბაიჯანის ჩემპიონს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ასეთ შეცდომებს არ გაპატიებს.

ჰაიფას „მაკაბისთან“ დაპირისპირება არის შანსი, რომ „დინამოს“ ფეხბურთელებმა გულშემატკივარს ეს მტკივნეული წაგება დაავიწყოს. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაც დიდი ხანია ერთად თამაშობს, თანამედროვე ფეხბურთს აჩვენებს და ისრაელის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. ასეთ მეტოქეებთან თამაში საინტერესოცაა და რთული მატჩებიც გველის.

– აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს საკუთარი თამაშის თავზე მოხვევის შესაძლებლობა არ მივცეთ. თუ ინდივიდუალურ შეცდომებს გამოვასწორებთ, ამ შემთხვევაში, საინტერესო თამაში გველის.

– ესაა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მშვენიერი შანსი, თავი რომ გამოიჩინონ. მათ შეუძლიათ, რომ შედეგს მიაღწიონ. ეს მოტივაციისთვის გუნდმა უნდა გამოიყენოს. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს და თამაშისთვის ყველა მოთამაშე ემზადება.

„დინამოსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ პირველი შეხვედრა 22 ივლისს თბილისში გაიმართება. თბილისური გუნდი ისრაელის ჩემპიონს „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი