რა გუნდია „დინამოს“ მეტოქე ჰაიფას „მაკაბი“, რომელიც ხუთი წლის წინ თბილისელებმა დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
რა გუნდია „დინამოს“ მეტოქე ჰაიფას „მაკაბი“, რომელიც ხუთი წლის წინ თბილისელებმა დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის სადებიუტო მატჩში „დინამო თბილისი“ ისრაელის წარმომადგენელს, ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება, რომელიც 1913 წელს დაარსდა და ისრაელის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.

„მაკაბის“ საკლუბო ფერები თეთრი და მწვანეა. ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ფეხბურთის გარდა კალათბურთის, ცურვის, ძალოსნობის, ჩოგბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ჰოკეის, კრივის და ა.შ. გუნდებია გაერთიანებული.

„მაკაბი“ ისრაელის 13-გზის ჩემპიონია. ჰაიფას გუნდის აღმავლობა 1983/84 სეზონში მოპოვებული ოქროს მედლით დაიწყო. ოქროს მედლები გუნდმა წელს 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. 6-ჯერ მოიპოვა ისრაელის თასი, 4-ჯერ – ტოტოს თასი, ხოლო სუპერთასი – 3-ჯერ.

„მაკაბი“ საერთაშორისო სარბიელზეც კარგად გამოდიოდა და ორჯერ (2002/03, 2009/10) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, ევროპის ლიგის ჯგუფშიც კი ორჯერ (2011/12, 2013/14 წლებში) მოხვდა.

საშინაო მატჩებს გუნდი ჰაიფაში 30 000-იან „სემი ოფერი არენაზე“ მართავს. 2020 წლიდან გუნდს 41 წლის ბარაკ ბახარი წვრთნის. ის საფეხბურთო კარიერის დროს პეტაჰ ტიკვასჰაპოელის“ და კირიატ შმონას „ირონის“ ღირსებას იცავდა. ჰაიფაში ბეერშევასჰაპოელში“ გატარებული წარმატებული ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ მოხვდა და ჯამში მწვრთნელის რანგში თავისი გუნდები ჩემპიონობამდე 4-ჯერ მიიყვანა.

ჰაიფას „მაკაბიში“ 2009/12 წლებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი გამოდიოდა, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად კი გიორგი დარასელია მუშაობდა. „მაკაბი“ კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოვარდნის შემდეგ გადმოერთო. „კაირათთანჰაიფაში ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, ალმათიში 0:2 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ „დინამო“ და „მაკაბი“ ერთმანეთს 2016 წლის 29 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე ბიშოფსხოფენში შეხვდნენ და ის მატჩი „დინამო თბილისმა“ 2:0 მოიგო, „მაკაბის“ გოლები გიორგი ქვილითაიამ (29-ე წუთი) და ოთარ კიტეიშვილმა (34) გაუტანეს. მაშინ გუნდს იურაი იარაბეკი ავარჯიშებდა. საინტერესოა, რომ იმ შემადგენლობიდან „დინამოს“ ერთი მოთამაშეც არ შემორჩა.


დინამო 2:0 მაკაბი


დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (60. ჭელიძე), რენე, თევზაძე (64. ალვარო), პარუნაშვილი (68. ცინცაძე), ველევი, ჯიღაური (46. შპიჩიჩი), კურიე (77. ვოლკოვი), კიტეიშვილი (77. მიქელთაძე), ქვილითაია (68. გელაშვილი).

მაკაბი: ლევიტა, მენახემი, ვალიენტე, ჰაბში, ლავი, ობრანიაკი, მუგრაბი, რიანი, ვერმუტი (კ), რუკავიცა, აბუ აბაიდი.


კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი თბილისში 22 ივლისს გაიმართება და 20:30 დაიწყება. მეორე შეხვედრას „დინამო თბილისი“ ჰაიფას „მაკაბისთან“ 29 ივლისს ჰაიფაში გამართავს.