კაჭარავამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ქეცბაიას „ანორთოსისი“ საჩემპიონო ექვსეულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT 

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „დოქსა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. წარმატებაში დიდი როლი ნიკა კაჭარავამ ითამაშა.

„ანორთოსისი“ პირველ ტაიმში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ფამაგუსტას გუნდმა ბევრი შანსი დაკარგა, მათ შორის პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მაინც მოიპოვა. გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა კაჭარავა ასევე სასტარტოში გახლდათ, 56 წუთი ითამაშა და ამ წელს საუკეთესო მატჩიც ჩაატარა. „დოქსას“ ძირითადში იყო და 60 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ავთო ებრალიძემ.

25-ე წუთზე ნიკა კაჭარავას მშვენიერი მომენტი ჰქონდა, მისი თავურის შემდეგ კარს მცველი გადაეფარა და სტუმრები გადაარჩინა. მაგრამ ვიდეოგამეორებით დადასტურდა, რომ „დოქსას“ მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დენის პოპოვიჩმა ვერ გამოიყენა.

27-ე წუთზე ქართველ თავდამსხმელმა ხელიდან გაუშვა შესანიშნავი შანსი, როდესაც ახლოდან თავით გატანას ცდილობდა, მაგრამ მეკარემ ხელი შეუშალა. საბოლოოდ, მასპინძელთა ზეწოლამ 38-ე წუთზე შედეგი გამოიღო და მილოშ დელეტიჩმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

ლორია საქმეში პირველად 48-ე წუთზე ჩაერთო და გუნდი რეალური საფრთხისგან გადაარჩინა. ექვსი წუთის შემდეგ კი ფამაგუსტას გუნდმა პენალტით გამარჯვება დააფიქსირა – ამჯერადაც პენალტი ნიკა კაჭარავამ მოიპოვა და მეორედაც საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია.

კაჭარავას მცველმა ფეხი საჯარიმოს ხაზზე უხეშად დაადგა… ვარდამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ფამაგუსტელებმა 2:0 მოიგეს.

ანორთოსისმა“ 13 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ „ოლიმპიაკოსსა“ და ოქრიაშვილი-ქვილითაია-დაუშვილის „აპოელს“ დაეწია. ქეცბაიას გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს და მოგებით მე-4 ადგილზე დაწინაურდება, რაც გუნდს ფინალურ ექვსეულში მოხვედრის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებას მისცემს.