„ჯვაროსნები“ ერთა ლიგაზე ბულგარეთის წინააღმდეგ მეორე მატჩს გამართავენ - უგულშემატკივრეთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
„ჯვაროსნები“ ერთა ლიგაზე ბულგარეთის წინააღმდეგ მეორე მატჩს გამართავენ - უგულშემატკივრეთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება. მეოთხე ტურის შეხვედრამდე საქართველო ჯგუფს სამი მოგებით და 9 ქულით ლიდერობს. ბულგარელებს კი ამ დროისთვის მხოლოდ 2 ქულა აქვთ მოპოვებული.

ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ბოლო ბილეთი თამაშამდე ორი დღით ადრე, 10 ივნისს გაიყიდა. „დინამო არენას“ ტრიბუნები, რომელიც 54 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს, სრულად გაივსება.

საქართველო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირი შესანიშნავად დაიწყო და გიბრალტართან შინ მოგებას (4:0), გასვლაზე კონკურენტ ბულგარეთთან (5:2) და პრინციპულ მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0) შესანიშნავი გამარჯვებები დაუმატა.

საქართველოს ნაკრებისთვის ბულგარეთთან მატჩის მოგება პრაგმატულად უმნიშვნელოვანესია. ზედიზედ მეოთხე მოგებით გუნდი ფაქტობრივად, ჯგუფის გამარჯვებას გაინაღდებს – ასეთ შემთხვევაში, სექტემბერში დარჩენილ ორ მატჩში 2 ქულის მოპოვებაც საკმარისი იქნება.

ჯგუფში პირველობა ავტომატურად „ბ“ დივიზიონში დაწინაურებას ნიშნავს. ანუ საქართველო, რომელმაც ერთა ლიგაზე გამოსვლა 2018 წელს „დ“ დივიზიონიდან დაიწყო, ელიტარულ „ა“ დივიზიონს ერთი საფეხურით დაუახლოვდება.

ბულგარული ტკივილი

ბულგარეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ორჯერ დიდი შოკი მიიღო. „ლომები“ (გუნდის ზედმეტსახელია) რაზგრადში პირველი წრის შეხვედრაში 2:5 დამარცხდნენ და ბოლო 48 წელიწადში საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადეს.

მათ საწყის სამ ტურში რაზგრადში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშეს (1:1), საქართველოსთან დამარცხდნენ (2:5), ხოლო გასვლაზე გიბრალტართან მხოლოდ ქულა (1:1) მოიპოვეს.

​ბულგარული გამოცემა „გონგის“ ჟურნალისტი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ 12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილ საქართველო-ბულგარეთის შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. „თბილისში „ლომებს“ ჯოჯოხეთი ელოდებათ – საქართველოს 50 ათასზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება“, – წერდა გამოცემა.

სამწუხაროდ, ბულგარელებმა საქართველოში სულ სხვა სახის შოკიც გადაიტანეს, რომელმაც საქართველოსა და მსოფლიოშიც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი შეძრა. თბილისში ბულგარელთა დელეგაცია ავარიაში მოჰყვა – შედეგად სტუმართა ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი მძიმედ დაშავდა და საოპერაციო გახდა. „ბოტევის“ და ბულგარეთის ნაკრების 8 ნომერი ის ფეხბურთელია, რომელმაც 2021 წლის 8 სექტემბერს, სოფიას „ვასილ ლევსკი არენაზე“ გამართულ ამხანაგური შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლი გაუტანა, ბულგარეთმა კი მატჩი 4:1 მოიგო.

საბედნიეროდ, ბულგარელ მოთამაშეს ქართველმა ექიმმა შალვა ინგოროყვამ ოპერაცია დროულად ჩაუტანა და რეალურად, სიცოცხლე შეუნარჩუნა, რადგან ავარიის შემდეგ ფეხბურთელს თავის ქალა დაზიანებული ჰქონდა და ავტობუსის მინის ნამსხვრევები ამოუღო.

ქართველი ქომაგების ღირსეული ინიციატივა

ამ შეხვედრას ეს მძიმე ამბავი ფონად გაყვება. იყო საფრთხე, რომ მატჩი ჩაიშლებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ბულგარელებმა თამაში გადაწყვიტეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ქართველმა გულშემატკივრებმა ნედელევის სოლიდარობის ნიშნად შესანიშნავი ინიციატივა წამოაყენეს და ავარიაში დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს „დინამო არენაზე“ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის მიხედვით, ანუ მატჩის მე-8 წუთზე ბულგარელ ფეხბურთელს აპლოდისმენტებით გაამხნევებენ. ეს ის ჟესტია, რომელიც საქართველოს მოგებაზე არანაკლებ ღირსებას შემატებს.

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი ივანოვმა აღიარა, რომ მომხდარის გამო გუნდში რთული ვითარებაა. მაგრამ იმედი გამოხატა, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს.

ნორვეგიელი მსაჯი

შეხვედრას 33 წლის ნორვეგიელი ესპეს ესკოსი განსჯის, რომლის თანაშემწეები იქნებიან კიმ თომას ჰაგუნდი და იან ერიკ ენგანი, მეოთხე მსაჯად კი უეფა-მ როჰიტ საგი დანიშნა. მსაჯთა დამკვირვებლები ფერენც სეკელი უნგრეთიდანაა, ხოლო უეფა-ს დელეგატი – მოლდოველი სერგეი ლისნიკი.

ტელე და რადიორეპორტაჟები

საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება „დინამო არენაზე“ დღეს, 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102,3).