ჯო ბაიდენი - რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა უკრაინაში
ჯო ბაიდენი - რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა უკრაინაში. ამის შესახებ ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას ეგონა, რომ კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. სინამდვილეში, ომის დაწყების შემდეგ კიევის ცენტრში მე ვიყავი და არა ის. პუტინმა ეს ვერ გააკეთა. მე ვარ ერთადერთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც მოინახულა საბრძოლო მოქმედებების ზონა, რომელიც არ კონტროლდება აშშ-ის ჯარების მიერ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა უკრაინის დამორჩილება, ნატო-ს ერთიანობის დარღვევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე დაასახელა ის ორი ამოცანა, რომელიც დაისახა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. ესენი იყო მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ომის თავიდან აცილება.

„ჩვენ ორივე შევძელით. დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ნათელი მომავლის პოტენციალი. ჩვენ საფუძველი შევუქმენით მომდევნო ადმინისტრაციას, რათა მათ შეძლონ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დაცვა“, – აღნიშნა ბაიდენმა.