ჯო ბაიდენი - ომი მიმართულია უკრაინისა და უკრაინელების განადგურებისკენ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ
ჯო ბაიდენი - ომი მიმართულია უკრაინისა და უკრაინელების განადგურებისკენ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ

ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში მსოფლიომ განიცადა მძიმე პერიოდი.

„მზარდი სასურსათო კრიზისი, რეკორდული სიცხე, გვალვა და წყალდიდობა, „კოვიდ-19“, ინფლაცია და სასტიკი, უსარგებლო ომი. ომი, რომელიც აირჩია ერთმა კაცმა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში, სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა უსირცხვილოდ დაარღვია გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპები და ქვეყნის მიერ მეზობლის ტერიტორიების ძალის გამოყენებით წართმევის აკრძალვა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პუტინი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ უგუნური უპატივცემულობა გამოიჩინა.

„ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის. პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის ისტორიისა და კულტურის ცენტრებზე. აღმოჩენილია რუსეთის სისასტიკეებისა და ომის დანაშაულებების მტკიცებულებები. მასობრივი სამარხები აღმოჩენილია იზიუმში, ექსჰუმირებულ ცხედრებს წამების კვალი აღენიშნება. ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, პირდაპირი და მარტივად, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში. სწორედ ამიტომ, გენერალური ასამბლეის 141 ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ-მა გასწია უსაფრთხოების სფეროში დახმარება, მასობრივი ჰუმანიტარული დახმარება და პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს წევრმა 40-ზე მეტმა ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება გასწია უკრაინის თავდაცვისთვის.

ამასთან, როგორ ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „აშშ ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა საფასური დააკისროს რუსეთს და შეაკავოს თავდასხმები ნატო-ს ტერიტორიაზე, პასუხი აგებინოს რუსეთს თავის სისასტიკეებზე და ომის დანაშაულებზე, რადგან თუ ისეთ ქვეყნებს შეეძლებათ, აისრულონ თავიანთი იმპერიალისტური ამბიციები შედეგების გარეშე, მაშინ ჩვენ რისკის წინაშე ვაყენებთ ყველაფერს, რასაც ეს ინსტიტუტი იცავს“.

მისივე თქმით, ნებისმიერი გამარჯვება ბრძოლის ველზე ეკუთვნის უკრაინელი სამხედროების სიმამაცეს, თუმცა ამ ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიომაც გაიარა გამოცდა.

„ჩვენ არ გვიყოყმანია, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება, სუვერენიტეტი, პრინციპები, რომელთა დაცვაც გაერო-ს ქარტიის ყველა ხელმომწერის ვალდებულებაა. ჩვენ დავდექით უკრაინის გვერდით. თქვენ მსგავსად, აშშ-ს სურს რომ ეს ომი დასრულდეს სამართლიანი პირობებით. იმ პირობებით, რომელთა ხელმომწერებიც ჩვენ ყველა ვართ, რომ არავის შეუძლია ქვეყნის ტერიტორიის ძალით მიტაცება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გზას ადგას, რუსეთია. ჩვენ ყველა ამ ორგანიზაციაში, ვინც მზად ვართ, დავიცვათ ის პრინციპები და შეხედულებები, რომელთა დაცვის პირობა დავდეთ როგორც გაერო-ს წევრებმა, უნდა ვიყოთ მკაფიო, მტკიცე და ურყევი ჩვენს გადაწყვეტილებაში. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა სუვერენულ ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით უკრაინის მიმართ სოლიდარული. ჩვენ ვიდგებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. საიდუმლო არ არის, რომ ეს არის დაპირისპირება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. აშშ და მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვიცავთ მსოფლიოს ხედვას, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. აშშ მზად არის, დაიცვას და გააძლიეროს დემოკრატია შინ და მსოფლიოს ფარგლებში, რადგან მე მჯერა, რომ დემოკრატია კაცობრიობის უდიდესი ინსტრუმენტია ჩვენი დროის გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.