ჯანო ანანიძემ ნაკრების წევრებს მიმართა - წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული​
ჯანო ანანიძემ ნაკრების წევრებს მიმართა - წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული​

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ „ინსტაგრამის“ გვერდზე ჯანო ანანიძის მიამრთვა გამოქვეყნდა – ერთა ლიგაზე ბელარუსთან ნახევარფინალურ შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობს, ეროვნული გუნდის წევრებს მიმართა.

„8 ოქტომბერი ნებისმიერი ჩვენგანისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელარუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება. თუმცა მთავარი ის არის, რომ გუნდი სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისათვის ემზადებიან.

ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ვიცი, რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხიმსგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული, ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში. ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელარუსი დაამარცხონ,“ – წერს ჯანო ანანიძე.

28 წლის ნახევარმცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნაკრები ხალხს გაახარებს:

„ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი, კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია, ყველა ერთად მივდივართ. ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელარუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება.

წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად. წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუცმა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას!”

დატოვე კომენტარი