საქართველო-ბელორუსი - საუკუნის მატჩის მოლოდინში
საქართველო-ბელორუსი - საუკუნის მატჩის მოლოდინში

საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინშია – 1981 წლის 13 მაისის შემდეგ ჩვენი ფეხბურთი არასოდეს ისე ახლოს არ ყოფილა ევროპულ წარმატებასთან, როგორც ახლა. თუმცა სხვაობა დიდია – მაშინ თბილისის „დინამო“ საკლუბო დონეზე, თანაც საბჭოთა კავშირის სახელით თამაშობდა, ახლა კი სარბიელზე ქვეყანა ეროვნული ნაკრებითაა წარმოდგენილი – ჩვენი დროშითა და ჰიმნით.

30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებლად ყოფილიყო წარმოდგენილი და წარმატებისთვის მიეღწია. ახლა ამ საოცნებო მიზანთან ზუსტად ორ ნაბიჯში ვართ.

 

საქართველოს ნაკრები

საერთაშორისო სარბიელზე 1994 წლიდან კი ვართ, მაგრამ წარმატებას გუნდმა მხოლოდ 2018 წელს მიაღწია, როდესაც ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში 6-დან 5 მატჩი მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 16 ქულით ლიგის საუკეთესო გუნდი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური პლეი ოფის მატჩი საქართველო-ბელორუსი მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ შეხვედრა 8 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა უმაყურებლოდ.

საქართველოში ყველა დიდი იმედით ელის ამ თამაშს და ჩვენი ეროვნული ნაკრების გამარჯვების მოლოდინშია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმიერ ვაისმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამ შეხვედრას „საუკუნის მატჩი“ და „მთელი ერის ოცნება“ უწოდეს. ჩვენს გუნდს, ისევე როგორც ბელარუსს, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების რეალური შანსი, არსებობის ისტორიაში პირველად აქვს.

სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. თავდაპირველად მწვრთნელს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ევრო 2020-ის შერჩევის დასრულებამდე და კონტრაქტი დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ხელშეკრულების გაგრძელება პირდაპირაა დამოკიდებული ბელორუსთან მატჩზე. ვაისი ბელორუსებთან თამაშს თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებს. ამავე დროს, გუნდების შანსებს 50/50-ზე აფასებს.

2020 წელს ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში სტუმრად ესტონეთი 1:0 დაამარცხა, ხოლო ჩრდილო მაკედონიასთან თბილისში 1:1 დაასრულა.

28 სექტემბერს, ვაისმა ბელორუსებთან მატჩის გაფართოებული სია დაასახელა. გუნდის დანაკლისია ჯანო ანანიძე და ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ ფორმაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ტრანსფერშიც ყაზანის „რუბინი“ 15 მილიონ ევროსაც არ თანხმდება. მოედანს დაუბრუნდა ერთა ლიგის პირველი გათამაშების გმირი გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს თავი უკვე შეაყვარა.

თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, რომ ჩვენი გუნდის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, თორნიკე ოქრიაშვილმა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ფორმა აღიდგინა და 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ახალ კლუბებში გოლებით თავგამოჩენილები ჩამოვიდნენ შეკრებაზე თავდამსხმელები გიორგი ქვილითაია და ნიკა კაჭარავა. ნაკრებს დაუბრუდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, ასევე ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა, „ჯვაროსნებთან“ ერთად, ბელარუსის დასამარცხებლად ემზადება.

 

ბელარუსის ნაკრები

დიდი წარმატებისთვის არც ბელარუსის ნაკრებს მიუღწევია. 2018 წელს, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში გუნდმა 6-დან 4 მატჩი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ჯგუფში პირველი ადგილი 16 ქულით დაიკავა.

ამას მოჰყვა ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო, რომლის შემდეგაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაუშვეს და მიხეილ მარხელი დანიშნეს. მან გუნდის გაახალგაზრდავება სცადა, მაგრამ ამ გეგმის განხორციელება ბოლომდე მაინც ვერ გარისკა.

თბილისში გამომგზავრებამდე, ბელარუსის ნაკრებს ორი მოთამაშე გამოაკლდა. ორივე ტრავმის გამო. პირველია „ბატეს“ მეკარე, ნაკრების სათადარიგოებში მყოფი დენის შჩერბიცკი, რომლის ნაცვლად მწვრთნელმა ბრესტის „დინამოდან“ სერგეი იგნატოვიჩი გამოიძახა. უფრო მტკივნეული დანაკლისი ბელარუსებს ნახევარდაცვაში აქვთ – ტულას „არსენალის“ მარჯვენა ნახევარმცველი იური კოვალევი (ნაკრებში 2017 წლიდან სისტემატურად იწვევდნენ და მისი ფორმით 16 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა) გუნდს ვერ დაეხმარება.

ტრავმებით გამოწვეული დანაკლისის გარდა, ბელარუსების პრობლემებს პოლიტიკური ვითარების გამწვავებაც დაემატა, რამაც მათი ნაკრები ორად გაყო – გაფართოებულ სიაშიც არაა მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელი ილია შკურინი – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშს არ აპირებს.

სიაში ვერ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი ბელარუსი ნახევარმცველი იური კენდიში – 30 წლის ნახევარმცველი მარხელმა დანიშვნისთანავე განზე გაწია. ახლა შეკრებაზე მიიწვია, მაგრამ სათბილისო სიაში არ მოახვედრა.

ბელარუსების ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც სტანისლავ დრაგუნია. ბელარუსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და „ბატეს“ 32 წლის ნახევარმცველის არგამოძახების ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის გამო დრო დაკარგა და ფორმაში არაა, მაგრამ ბელარუსში ფიქრობენ, რომ ის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო არ მიიწვიეს.

მასთან ერთად კარანტინში იყო მისი თანაგუნდელი იგორ სტასევიჩი, რომელიც ოპოზიციის გამოსვლების დროს დუმდა, კარანტინში დრაგუნთან ერთად გამოვიდა და ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდა.

ცხადია, სტუმრად თამაში ბელარუსების შანსებს ვერ გაზრდის. ამის ფონზე, შესაძლოა, გაუხარდათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც მაყურებლის სტადიონზე შესვლას მხარი არ დაუჭირა.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

 

საქართველო-ბელარუსი წინაისტორია

07.09.2012  მსოფლიო ჩემპიონატი 2014, შესარჩევი

თბილისი, 27000 მაყურებელი

საქართველო-ბელარუსი 1:0

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (51)

საქართველო: ლორია, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა, დაუშვილი, კანკავა, ანანიძე (გორგიაშვილი 74), თარგამაძე, ოქრიაშვილი (სირბილაძე 82), მჭედლიძე (კვირკველია 55).

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ბელარუსი: ვერემკო, პოლიაკოვი, მარტინოვიჩი, ვერხოვცოვი, ჟავნერჩიკი (ბალანოვიჩი 31), ტიგორევი (დრაგუნი 61), კულჩი, ბრეშანი, ნეხაიჩიკი (ბორდაჩევი 27), პუტილო, კორნილენკო.

მწვრთნელი: გეორგი კონდრატიევი.

გაფრთხილება: კანკავა, მარტინოვიჩი, ლორია.

მსაჯები: ტოდოროვი; ანგელოვი, გავრილოვი (ბულგარეთი)

 

16.10.2012  მსოფლიო ჩემპიონატი 2014, შესარჩევი

ბელარუსი, 15000 მაყურებელი

ბელარუსი-საქართველო 2:0

გოლები: 1:0 ბრეშანი (6), 2:0 დრაგუნი (28)

ბელარუსი: ვერემკო , დრაგუნი, ჰლები, ბრეშანი (ვოლოდკო 85), პავლოვი (კისლიაკი 83), პოლიაკოვი, ტიგორევი, ვერხოვცოვი, ბორდაჩევი, როდიონოვი (ჩუხლეი 90), ფილიპენკო.

მწვრთნელი: გეორგი კონდრატიევი.

საქართველო: რევიშვილი, დევდარიანი (მჭედლიძე 46), გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე (ყენია 75), ოქრიაშვილი (ანანიძე 49), კობახიძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: თარგამაძე, ტიგორევი, ოქრიაშვილი, პოლიაკოვი, ხიზანიშვილი, კანკავა, ბორდაჩევი, გრიგალავა, ჰლები, მჭედლიძე

მსაჯები: შიორგენჰოფერი; ბრანდნერი, შტრასერი  (ავსტრია)

 

13.11.2017  ამხანაგური

ქუთაისი, 7800 მაყურებელი

საქართველო-ბელარუსი 2:2

გოლები: 0:1 სტასევიჩი (24), 1:1 სიხარულიძე (35), 1:2 დვალი (51), 2:2 ნიხაიჩუკი (66)

საქართველო: კვასხვაძე, ხოჭოლავა, კაშია (დვალი 46), აბურჯანია, კანკავა (მერებაშვილი 62), სიხარულიძე (ყაზაიშვილი 80), გვილია (კაჭარავა 88), გეგეჭკორი (კაკაბაძე 88), პაპუნაშვილი, ჯიღაური (ქვილითაია 62), შერგელაშვილი.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: იგნატოვიჩი (პავლიუჩენკა 46), ვალაძკო (მატვეიჩუკი 63), პალიცევიჩი, გავრილოვიჩი, რიასი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი (ნიხაიჩუკი 56), სტასევიჩი (პავლავეცი 88), კარალიოვი (კლიმოვიჩი 82), ლაპცევი.

მწვრთნელი: იგორ კრივუშენკა

გაფრთხილება: ვალაძკო, სიხარულიძე, ბიკოვი, სტასევიჩი

მსაჯები: ბალიანი; სიმონიანი, არევშატიანი (სომხეთი)