ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის კომერციული უფლებების გასხვისების გეგმის გამო ბოდიში მოიხადა #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის სადავო გეგმის გამო ორგანიზაციის საბჭოს წევრებს ბოდიში მოუხადა.
ინფანტინომ აღნიშნული განცხადება ციურიხში გამართული ფიფა-ს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი პროექტი FIFA Forward Enterprise (FFE) იყო.
„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც FIFA Forward Enterprise-ის პროექტი განვიხილეთ. ბოდიში მოვიხადე იმ შეცდომების გამო, რომლებიც პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციების პროცესში დავუშვით და რომლებმაც არაერთი პრობლემა გამოიწვია.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ წინადადება იყო და არავითარ შემთხვევაში – საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა კიდევ უფრო მეტი წარმატებული ისტორია, როგორიც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილეთ. ფეხბურთი ყველასთვისაა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, – განაცხადა ინფანტინომ.
FIFA Forward Enterprise-ის პროექტი ახალი კომერციული კომპანიის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც ფიფა-ს ტურნირების სატელევიზიო უფლებებს, სპონსორობას, ბილეთების გაყიდვასა და სხვა კომერციულ საქმიანობას გააერთიანებდა. დაგეგმილი იყო კომპანიაში წილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვაც.
ინიციატივას უეფა-სა და რამდენიმე კონფედერაციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ფიფა-მ პროექტზე უარი თქვა. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული გეგმა საბოლოოდ გაუქმებულია და მისი განხორციელება სხვა ფორმითაც არ იგეგმება.