ჯაბა კანკავას ფრანგული კლუბების აკრძალვა გადაეღობა - კაპიტანი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდეს #1TVSPORT
ჯაბა კანკავას ფრანგული კლუბების აკრძალვა გადაეღობა - კაპიტანი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდეს #1TVSPORT

ჯაბა კანკავას კლუბი „ვალანსიენი“ საქართველოს ნაკრებში არ გამოუშვებს – ასეთი დასკვნის გაკეთება საფრანგეთის პროფესიული ლიგის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება.

„საფრანგეთის ორი წამყვანი საფეხბურთო ლიგის (ლიგა 1, ლიგა 2) კლუბებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებზე არ გაუშვან. ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ევროკავშირის საზღვრებისა და ევროპის ეკონომიკური ზონის დატოვება მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში პანდემიის გამო ეკრძალებათ“, – წერია საფრანგეთის პროფესიული ლიგის ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნებრივია, ეს უშუალოდ შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, რომელიც ლიგა 2-ის „ვალანსიენში“ დეკემბერში გადავიდა. არადა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.