ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, მთავარია, სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს
ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, მთავარია, სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს

პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, მთავარია, სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერებთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„დღევანდელი შეხვედრა უმრავლესობის ნაწილთან და ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო ბიუჯეტთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ ადევნებდით თვალყურს, გუშინწინ ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის წარდგენა პარლამენტში, მე წარვადგინე პირადად და ამ მოხსენების შემდეგ, ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტარებს, რომ ინტენსიური დიალოგი გაგვეგრძელებინა. სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტამდე, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დეპუტატების მხრიდან ის კომენტარები, რაც მათ ჰქონდათ წარდგენის პროცესში პარლამენტში და ვთხოვეთ, რომ ეს კომენტარები და ეს მათი მოსაზრებები ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განეხილათ. იყო საკმაოდ კონკრეტული საუბარი, კონკრეტული მუნიციპალიტეტის დონემდე ჩასვლა ზოგ შემთხვევაში, კონკრეტულ პროექტამდე. ამიტომ, ჩვენ გვინდოდა, მაქსიმალური უკუკავშირი დაგვემყარებინა პარლამენტთან და აგვეღო მეტი ინფორმაცია, რათა იმ  ვადაში, რაც ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე არის დარჩენილი, მოგვეხდინა ამ ყველაფრის შეძლებისდაგვარად ჩადება ბოლო ვერსიაში. ეს იყო შეხვედრის ერთადერთი მიზანი.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირონ ან ვერ შეგროვდეს ხმების შესაბამისი რაოდენობა, მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად, ეფექტურად და უნდა დროულად შეასრულოს.

„ერთ რამეს გეტყვით, ერთი რამის მჯერა – ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სისტემით ჩატარდება 2020 თუ 2024 წლის არჩევნები, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც სახელმწიფოა აქვს, სრულფასოვნად შესრულდეს. ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის. პოლიტიკური პერიპეტიები იყო ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ალბათ, პოლიტიკური პერიპეტიები მომავალშიც იქნება, თუმცა მთავარი არის, რომ სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად, ეფექტურად და დროულად შეასრულოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ის პლატფორმა, რასაც პარლამენტი ჰქვია, სადაც ყველა საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.

„არ მჯერა და არ მიმაჩნია სწორად, რომ საკითხები განიხილებოდეს ქუჩაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.